მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქალბატონი დეგნანის ულტიმატუმები თავისებური ნიღბის ჩამოხსნაა, რაც გვაჩვენებს, თუ რატომ ვართ სუსტი და შეუმდგარი სახელმწიფო“ - სვიმონ ჯანგულაშვილი

მუსიკოსი სვიმონ ჯანგულაშვილი Pia.ge

მუსიკოსი სვიმონ ჯანგულაშვილი აშშ-ის ელჩის ბოლოდროინდელ განცხადებებზე რობერტ სტურუას გუშინდელ სტატუსს გამოეხმაურა.

„საქართველომ მრავალი ტკივილი ნახა და მრავალიც იშრომა საკუთარი გეოპოლიტიკური არჩევანის გამო... და დღეს საქართველო დაუძინებელი მტრის - პუტინის და ჩვენგან ცალმხრივად შეყვარებულ ევროპა-ამერიკას შორის იჭყლიტება, პავლეს მსგავსად, რომელსაც ტყავი გააძვრეს, ვიდრე პეტრე მოვიდოდა...

სად არის პეტრე? სად არის საშველი? საქართველოში სამოქალაქო ომია! ცივი ომი! ეს სამოქალაქო ომი 2012 წლის არჩევნებისთანავე დაიწყეს ნაცებმა... ამ სამოქალაქო დაპირისპირების ფონზე, ამერიკის ელჩის ბოლო ულტიმატუმები, ისევე, როგორც მიშელის მკვდრადშობილი შეთანხმება მიუღებელია!

სამოქალაქო ომი, თუკი ის ბრძოლაა ბოროტებასა და სიკეთეს შორის, მიშელის შეთანხმების მსგავსი აბსურდით ვერ დამთავრდება. განა შეიძლებოდა ამერიკაში სამოქალაქო ომი დამთავრებულიყო მონათმფლობელობის მხარდამჭერებთან კომპრომისით? განა შეიძლებოდა მეორე მსოფლიო ომი დამთავრებულიყო ნაცებთან კომპრომისით და არა მათი სრული კაპიტულაციით?

ბევრჯერ დამიწერია აქ და მითქვამს - „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი დანაშაული „კოჰაბიტაცია“ და დამნაშავე ძალის დაუსჯელობაა. ყველაფრიდან ჩანს, რომ ეს კოჰაბიტაცია, რომელიც, ერთი მხრივ, ძალიანაც აწყობდა „ქართულ ოცნებას“ (ჩემნაირ ადამიანებს რომ სულ მათთვის მიეცათ ხმა ნაცების დაბრუნების შიშით), აშკარად ამერიკის და ევროპის მიერ იყო დაძალებული და თავსმოხვეული საქართველოსთვის.

ქალბატონი დეგნანის ულტიმატუმები თავისებური ნიღბის ჩამოხსნაა, რაც გვაჩვენებს, თუ რატომ ვართ სუსტი და შეუმდგარი სახელმწიფო - ჩვენ ცალმხრივად შეყვარებულის როლი გვერგო, რომელმაც სულ უნდა უმტკიცოს სატრფოს, რომ მისი ღირსია... კი, ხანდახან წყალობას გადმოგვიგდებს სატრფო, ზოგჯერ საჩუქარსაც გვიკეთებს, მაგრამ, საბოლოოდ, ის ათწლეულებია, გვეუბნება, რომ მისი ღირსი ჯერ არა ვართ. არც გვკლავს, არც გვარჩენს.

რაც მთავარია, ჩვენს სატრფოს შენიშვნები არ ჰქონდა სააკაშვილთან და ნაცების საქართველოსთან, პირიქით - დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ... მერე რა მოხდა, თუ ამ შუქურაში ტანჯვის ცეცხლი ქართველ ხალხს ეკიდა? სამაგიეროდ, მიშა იყო სინათლე, ვანო - წესრიგი, ბოკერია - ლიბერალიზმი, ახალაიები - იერუსალიმი და სოხუმი, ოქრუაშვილი - რემბო, ბენდუქიძე - ილია, გვარამია - განათლება, პროკურატურა და დემნა გვასალია (ანუ, მოდის უკანასკნელი სიტყვა) ქვეყანა ჰყვაოდა, წესრიგი იყო - ასე სწამს ნანუკა ჟორჟოლიანის, დედასაებრ ბრძენი ქალიშვილის სამეგობროს, ქლაბერობასა და რევოლუციონერობას შორის მარადიული არჩევანით რომ არიან გაწამებულნი.

საკუთარივე გაუბედავი და გაუგებარი პოლიტიკით უბადრუკობის გზაზე დამდგარი „ოცნება“, როგორც იქნა, გამოვიდა მიშელის თავსმოხვეული, ანტისახელმწიფოებრივი შეთანხმებიდან; როგორც იქნა, ისე მოიქცა, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყნის თავმოყვარე მმართველი ძალა უნდა იქცეოდეს. და ამის გამო „ქართული ოცნება“ დღეს ამერიკის ელჩის თავდასხმის ობიექტია, რომელიც კატეგორიულად ითხოვს, ხელისუფლება ნებისმიერ ფასად დაუბრუნდეს ამ ქვეყნის დამაზიანებელ, ანტიკონსტიტუციურ გარიგებას.

რას ნიშნავს ეს მოთხოვნები? ეს ხომ პირდაპირ ნიშნავს ქვეყნის დესუვერენიზაციას, მის გადაყვანას საელჩოდან ხელით მართვის რეჟიმზე და ჩვენი ერის ინტერესების ფეხქვეშ გათელვას? თუ ასეა, მიგვიღეთ ორმოცდამეთერთმეტე შტატად, შეგვიქმენით საშტატო ბალანსი, დეფიციტში გარღვევა გვაქვს, შაბიამანიც აღარ გვაქვს, დაგვინიშნეთ ხელფასი და პრემიები და, საერთოდ - რამე ისეთი დაგვაძალეთ, რომ ჩვენც გვესიამოვნოს! რაღა მაინცადამაინც ნაცებს გვატენით ცხვირში? რაც კარგია თქვენთან, ის დაგვაძალეთ, ქალბატონო ელჩო!

ბატონი რობერტი რადიკალთა მიერ ევროპის დროშის ვანდალურ დაწვას ახსენებს. ვფიქრობ, რომ ბარბაროსთა მიერ შესრულებული ეს გზავნილი ევროპამ, რომელსაც პოლიტიკისა და დიპლომატიის კეთების 3 ათასწლიანი მეხსიერება აქვს, ზუსტად გაიგო, და მიხვდა, რომ გადაამლაშა. იმიტომაც იყო შარლ მიშელის რეაქცია ადეკვატური და ზომიერი (რის გამოც ისტერიკაში არიან ნაცისტები).

მაგრამ, რატომღაც არ ცხრებიან ჩვენი ამერიკელი დაუძინებელი მეგობრები - ყოფილი სენატორები და ელჩები - ცხადია, ნაცების (არცთუ ბოლომდე უანგარო) მეგობრები. არ ცხრება ქალბატონი ელჩი, რომელმაც, მართალია, ვერანაირად ვერ მოახერხა, რომ ნაცების 3 წამყვან პარტიას მოეწერა ხელი შეთანხმებისათვის, მაგრამ, ამის მიუხედავად, ულტიმატუმის ენით აშანტაჟებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მან კვლავ ნაცების ხელისუფლებაში მოყვანას შეუწყოს ხელი.

უკვე გამოჩნდა ანტიამერიკული ლოზუნგები რუსთაველზე, ელჩის გადახაზული სურათებით, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა ჩვენში. ეს თუა მიზანი, გასაგებია, მაგრამ თუ არა, მაშინ ქვეყნის სუვერენიტეტის აბუჩად აგდებით, კონსტიტუციის თავზე გადახევით და ქართველი ხალხის ღირსების გამიზნული შეურაცხყოფით, კვლავ ადუღდება კოლექტიური არაცნობიერის ბნელი, დემონური ნაწილი და, არ ვიცი ვინ, მაგრამ, ამერიკის დროშასაც ევროკავშირის დროშასავით დაწვავენ რუსთაველზე. და ამაზე პირადად თქვენ იქნებით, ქალბატონო ელჩო პასუხისმგებელი!

ქალბატონო ელჩო, მოექეცით საქართველოს ისე, როგორც ანზორ ერქომაიშვილი იმსახურებდა! საქართველო ანზორ ერქომაიშვილია და არა ის პოლიტიკური ტყაჭები, ვის ინტერესებსაც, რატომღაც ზომაზე მეტად ითვალისწინებთ! ნუ დააძალებთ ანზორ ერქომაიშვილს, რომ კომპრომისზე წავიდეს უღირს ადამიანებთან! ის მეორედ მოკვდებოდა ასეთი რამით!

საქართველოში ცივი ომია! სამოქალაქო ომი! სამოქალაქო ომი მართლაც სამოქალაქო შერიგებით და შეთანხმებით უნდა დამთავრდეს. მაგრამ, ამის წინაპირობა ისაა, რომ მონათმფლობელებმა აღიარონ, მოინანიონ და დაუტევონ თავისი დანაშაული! და მონანიება ისაა, რომ გაეცალონ პოლიტიკას და ასპარეზი დაუთმონ ახალგაზრდებს, ახალ ძალებს.

გერმანია არ გაჯანსაღდებოდა, ჰიტლერელები პოლიტიკაში რომ დაეტოვებინათ! მიუხედავად იმისა, რომ გერმანელი ხალხის უმრავლესობა ჰიტლერს, არათუ მხარს უჭერდა, მისთვის იბრძოდა ბოლომდე, ამის მიუხედავად, გერმანიაში აიკრძალა დამნაშავე პოლიტიკური ძალა და კანონგარეშედ გამოცხადდა იგი.

საქართველო არ გაჯანსაღდება, ვიდრე ნაცები პოლიტიკაში იქნებიან. ეს არის სამწუხარო რეალობა! ვინც ამ რეალობას თვალს არ უსწორებს და ამ სიმართლის მთქმელებს გვლანძღავს, ან ნაცია, და ან - ნაცების ბოროტების მომწონებელი და ბოროტებასთან კომპრომისზე წასული ადამიანი. აი, ამერიკა რატომაა წასული მარადიულად კომპრომისზე ნაცებთან და რაც ძალი და ღონე აქვს, რატომ ჩაგრავს ამ გასაცოდავებულ ქართულ ოცნებას, ეს ვერ გავიგე. ჩვენ, რაც შეგვიძლია, ვუერთგულებთ ჩვენს არჩევანს. ჯერი თქვენზეა.

ჩვენი დახმარება არაა, კარიკატურულ ჰიტლერელებს რომ ეხმარებით. რომც მოხდეს სასწაული და პარლამენტში დაჯდეს მელია და ცუდ სუნს აყენებდეს ხოშტარია, ეს სამოქალაქო ომს არ დაამთავრებს! ისინი მაინც იმას იზამენ, რასაც აქამდე აკეთებდნენ, და ეს ქვეყნის შენება ნამდვილად არაა. ისინი არ მოისვენებენ, ვიდრე საქართველოს ბატონ-პატრონები არ გახდებიან, როგორც მათ საოცნებო 2003-2012 წლებში იყვნენ.

რამდენი ახალი და პატარა პარტიაა ბოლოს და ბოლოს? მათ დაეხმარეთ! რატომ გვაიძულებთ ექვსად გაყოფილი ნაცების ხელისუფლებაში მობრუნებას? ნუთუ იმიტომ, რომ საბაბი გქონდეთ, მარადიულად დაჩოქილი გვამყოფოთ თქვენს წინკართან და გვაყვედროთ, რომ ჯერ კიდევ არა ვართ თქვენი სიყვარულისა და სიახლოვის ღირსები?“ - წერს სვიმონ ჯანგულაშვილი.

ამავე თემაზე:

🔴 ჩვენს მხარდამჭერ ქვეყნებს ქართველი ხალხი, მისი განწყობაც არ უნდა გამორჩეთ. ყველამ ერთად უნდა ვაღიაროთ საქართველოს სუვერენიტეტი და დანარჩენ თემებზე მერე ვისაუბროთ - დავით მაღრაძე

🔴 რომ შეგტკიოდეთ გული საქართველოზე, არ მოგვახვევდით თავს შეთანხმებებს ბოროტებასთან! შეთანხმებებს, რაც მიზნად ისახავს ნაცისტების მობრუნებას - რობერტ სტურუა

🔴 ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება, არც უნდა დაინიშნოს - დავით მაღრაძე