მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართული ოცნების“ 6 დეპუტატი გიორგი გახარიას პარტიაში გადავიდა

გიორგი ხოჯევანიშვილი

მმართველი გუნდიდან 6 დეპუტატი - გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი და ანა ბუჩუკური ექსპრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიაში გადავიდა. გადაწყვეტილების შესახებ გახარიას თანაგუნდელმა გიორგი ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„თითოეულმა თქვენგანმა კარგად იცის, რომ ჩვენ ვართ გიორგი გახარიას გუნდის წევრები. ვართ თანამოაზრეები და გვაერთიანებს საერთო ღირებულებები და ფასეულობები.

ჩვენ დღეიდან, გიორგი გახარიასთან ერთად ერთობლივი გადაწყვეტილებით გადავდივართ პარტიის მშენებლობაზე, შესაბამისად ვტოვებთ „ქართულ ოცნებას“. პარლამენტში ამ ეტაპზე საქმიანობას გავაგრძელებთ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები.

„ჩვენ ვიყავით „ქართული ოცნების“ წევრები და შესაბამისად, ვიზიარებთ იმ წარმატებებსა და წარუმატებლობებს, რაც ამ პერიოდში მოხდა. ამავე დროს, რა თქმა უნდა, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას შეცდომებზეც და სწორედ ამ პასუხისმგებლობის გრძნობით ვდგამთ ამ ნაბიჯს.

ჩვენი ქვეყანა დღეს სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, მოქალაქეებს ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ გამკლავება ისეთი პრობლემების წინაშე როგორიც არის პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, უმუშევრობა, სიდუხჭირე და ეს ის პრობლემებია, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს და მოსახლეობას აინტერესებს და არა ის დაუსრულებელი პოლიტიკური პარტიების დაპირისპირება და კინკლაობა.

ჩვენ ამ პრობლემებს ვხედავთ, არ გვეშინია სიმართლის თქმის და პრობლემებისთვის სიმართლის გასწორების. დეტალურად სამომავლო გეგმებზე გუნდის ლიდერთან ერთად მოგვიანებით მოგახსენებთ“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ინფორმაციისთვის, 14 აპრილს „ქართული ოცნება“ დეპუტატებმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, ალექსანდრე მოწერელიამ, ბექა ლილუაშვილმა, შალვა კერესელიძემ, მიხეილ დაუშვილმა და ანა ბუჩუკურმა დატოვეს.