მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქედს ვიხრი თქვენი გამძლეობის, შეუპოვრობის და გაუტეხელობის წინაშე“ - ოპოზიციის ნაწილმა ნიკა მელია თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელა

ნიკა მელია

„ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ვდგავარ თქვენს წინაშე მრავალ სირთულე გამოვლილი ალბათ ბევრად ძლიერი, ვიდრე ოდესმე და ვარ ამაყი იმით, რომ ამდენი უსამართლობისგან კი არ გავბოროტდი, პირიქით, ბევრად მეტად მიყვარს ადამიანები და მეტად მინდა ვიზრუნო მათზე ვიდრე ოდესმე“, - აღნიშნულის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, თბილისი კვლავ უნდა გახდეს კავკასიის პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური, ასევე, სამეცნიერო დედაქალაქი, თბილისმა უნდა დაიბრუნოს თავისი ფუნქცია.

„მე არასოდეს შემშინებია ბრძოლის არა იმიტომ, რომ რაიმე განსაკუთრებული სიმამაცით გამოვირჩევი, არ შემშინებია იმიტომ, რომ ვიცი მართალი ბრძოლა საბოლოო ჯამში გამარჯვებით სრულდება და სწორედ ეს მეხმარება ამ ბრძოლაში, რადგან ვიცი, რომ ბოროტს საბოლოო ჯამში კეთილი სძლევს.

დღეს უკეთ მესმის თუ რა არის უსამართლობა, რომელმაც ნებისმიერი ჩვენგანის კარზე შეძლება მოაკაკუნოს. აქვე მინდა ჩემი გამოცდილებით ვიყო გარანტი, რომ ეს აღარ მოხდება. უკლებლივ საქართველოს მოქალაქის დაცვას შევძლებ უსამართლობისგან. ქედს ვიხრი თქვენი გამძლეობის და შეუპოვრობის წინაშე, იმ გაუტეხელობის წინაშე, რომელმაც გამოგატარათ ეს წლები. ვაცხადებ, დადგა დრო ეს ყველაფერი დასრულდეს, დადგა ქართველი ხალხის გამარჯვების დრო, თქვენი გამარჯვების დრო დადგა.

თბილისი ჩვენი ბრძოლის წინა ხაზია რეფერენდუმში, რომლითაც საქართველო უნდა დავიბრუნოთ. დადგა დრო, თბილისის მერი ამაყად დადიოდეს ქუჩებში, შეეძლოს ხმამაღლა თქმა: „მე თბილისს ვემსახურები, რომელიც პოლიტიკაზე მეტია“.

დადგა დრო, რომ მმართველობა პირველად იყოს კოალიციური ჯანსაღ კონკურენციაზე დამყარებული. კოალიციური მთავრობა არის საქართველოს მომავალი, რომელიც ძალიან ახლოს არის.

ვაცხადებ, რომ ჩვენი პარტია თბილისში არცერთ რაიონში არ დააყენებს მაჟორიტარ კანდიდატებს და მხარს დაუჭერს საერთო მრავალპარტიული შეთანხმების კანდიდატებს. ჩემი მერობა ნიშნავს იმას, რომ საკრებულო არ იქნება ჩემი უკანა ეზო არამედ იქნება მთავარი მაკონტროლებელი და მოკავშირე.

ვიქნები მე, როგორც მერობის კანდიდატი, ჩემი მოძრაობიდან, „გირჩი მეტი თავისუფლება“ რომელიც წარმოადგენს ვიცე მერს, ხოლო ელენე ხოშტარია, როგორც საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი საკუთარი მოძრაობიდან. დადგა დრო ერთობის და ბრძოლის, დადგა დრო გამარჯვების“, - განაცხადა ნიკა მელიამ.