მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კელი დეგნანი: მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გაგრძელება, სასამართლო სისტემის რეფორმირების დაკარგული შანსი იქნება

კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განაცხადებით, თუ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი გაგრძელდება მაშინ ეს იქნება სასამართლო სისტემის რეფორმირების დაკარგული შანსი.

„ჩვენ ძალიან მრავალი წლის თანამშრომლობა გვაკავშირებს ამ კუთხით. დაახლოებით 25 წელია, აშშ ეხმარება საქართველოს სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაში, თუმცა ეს არის პროცესი, რომელიც უნდა გაგრძელდეს და ეს იქნებოდა მართლაც არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომ წარმართულიყო ინკლუზიური პროცესი, სადაც ყველა დაინტერესებული პირის მოსაზრება იქნებოდა გათვალისწინებული.

ახლა უკვე ეს ყველაფერი დამოკიდებულია პარლამენტზე, მთავრობასა და მმართველ პარტიაზე შეაჩერებენ თუ არა ამ პროცესს. ამით გამოჩნდება, ისინი რამდენად ერთგულნი არიან 19 აპრილის შეთანხმებისა, რომელიც თვეების მანძილზე გრძელდებოდა, რომელზეც მხარეები თვეების განმავლობაში საუბრობდნენ და საბოლოოდ მიიღწა შეთანხმება.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ამ შეთანხმებაში არის სასამართლო რეფორმა და ამ შეთანხმების ეს პირობა რომ ჩაითვალოს განხორციელებულად, ამისთვის მნიშვნელოვანია, მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერება. თუ ეს ასე არ მოხდება, ეს წამოჭრის გარკვეულ შეკითხვებს.

თუ კი გაგრძელდება კვლავ ეს დანიშვნები, მაშინ რა თქმა უნდა, ეს იქნება სასამართლო სისტემის რეფორმირების დაკარგული შანსი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.