მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყოველ 26 მაისს გამოიტანენ პლასტმასის ბუტაფორიას, დადებენ და არის დათქმა, რომ „აი ახლა დაიწყება წარმოება“ - ელისაშვილი თავდაცვის მინისტრს

მოქალაქეების თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს ჯუანშერ ბურჭულაძეს კითხვით მიმართა და დაინტერესდა თუ როდის იხილავს საზოგადოება საქართველოში წარმოებულ უპილოტო საფრენ აპარატს.

გარდა ამისა, ოპოზიციონერი დეპუტატი ვეტერანების ფულადი დახმარების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ როდემდე უნდა იცხოვროს საქართველომ იმ სირცხვილში, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვა ღირდეს 22 ლარი?

„ყველგან, ყოველთვის ნებისმიერ ვითარებაში განსაკუთრებული პატივისცემით და მოწიწებით მივესალმები ქართველ ოფიცრებს, თავდაცვის ძალების სარდალია, აქ ბატონი გენერალი მათიაშვილი. მოგესალმებით და ყოველ ჯერზე მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით.

ბატონო მინისტრო თქვენთან კითხვას რაც შეეხება, არჩილ თალაკვაძემ დასვა ეს კითხვა და მეც გავიმეორებ. ყარაბაღის მოვლენებმა გვაჩვენა, როგორ შეიცვალა ბრძოლა და როგორი ტექნოლოგიებზე დამოკიდებული გახდა. ამ ფონზე ვერაფრით ვხვდები რით არის დაკავებული ჩვენი სამხედრო სამეცნიერო ცენტრი „დელტა“.

ყოველ ჯერზე 26 მაისს გამოიტანენ პლასტმასის ბუტაფორიას, დადებენ და არის დათქმა, რომ „აი ახლა დაიწყება წარმოება, აი ახლა დაიწყება“. ოკუპირებული ქვეყანა ვართ. 20%-ზე შემობიჯებულია რუსეთის შეიარაღებული ძალები, მტრული სახელმწიფო. როდემდე უნდა ვუყუროთ პლასტმასის ბუტაფორიებს ან რეალურად როდის დავინახავთ საქართველოში წარმოებულ უპილოტო საფრენ აპარატს.

მეორე საკითხი, პირდაპირ ეს თქვენ არ გეხებათ, მაგრამ მნიშვნელოვანწილად გეხებათ. არსებობს ცალკე სტრუქტურა, ეს არის „ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი“, მაგრამ თქვენ ხართ თავდაცვის მინისტრი, მთავრობის წევრი. როდემდე უნდა ვიცხოვროთ იმ სირცხვილში, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვა ღირდეს 22 ლარი? ვეტერანების დახმარება იცით, რომ არის სამი კოლოფი პაპიროსის ეკვივალენტი თანხა. ამ სირცხვილში საქართველოს სახელმწიფომ როდემდე უნდა იცხოვროს და რას გააკეთებთ ან რას აკეთებთ თქვენ ამისთვის“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 „6 თვე წაღმა-უკუღმა იარეთ და ახლა აქ სხედხართ პარლამენტში“ - ირაკლი ზარქუა ოპოზიციას

👉 „დამშვიდდით, დაწყნარდით და კარგად წაიკითხეთ მიშელის დოკუმენტი“ - სამადაშვილი უმრავლესობის დეპუტატებს

👉 „ქვეყანა კიდევ უფრო გაღარიბდა და საწვავის ფასები კოსმოსში მიფრინავს“ - ელისაშვილი