მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ლიდერმა უბრალოდ დაგვყარა და მიგვატოვა, როცა კანონი იყო დასაცავი“ - წულუკიანი გახარიაზე

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი - Pia.ge

კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, გიორგი გახარიას გადადგომა გუნდისთვის დიდი იმედგაცრუება იყო და „ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან ეს ნაბიჯი ღალატად შეფასდა.

როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, გიორგი გახარიას გადაწყვეტილება იყო უეცარი და ამას არავინ ელოდა.

„ძალიან სალაპარაკო ენაზე რომ ვთქვა, ლიდერმა უბრალოდ დაგვყარა და მიგვატოვა, როცა კანონი იყო დასაცავი. შესაბამისად, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას და როდესაც არის რთული ვითარება და გადაწყვეტილებაა მისაღები, ის უნდა იყოს გუნდის გვერდით და სწორედ ამას ჰქვია ლიდერი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, გიორგი გახარიას პარტიის მიერ ბიძინა ივანიშვილის სახელის გამოყენება დაუშვებელია.

„ყველასთვის, არა მხოლოდ გუნდის წევრებისთვის, არამედ საზოგადოებისთვის გაუგებარი იყო თუ რატომ მიიღო გახარიამ ის გადაწყვეტილება უეცრად. ხშირად ისიც გვსმენია, რომ საზოგადოების ზოგიერთი წევრი ამას ხსნიდა ისე, თითქოს ეს არის „ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის პროექტი, სხვა მხრივ ვერავინ ახსნა, თუ რატომ შეიძლებოდა გუნდის ლიდერს ამგვარი უცნაური გადაწყვეტილება მიეღო.

საქმე წავიდა ისე, რომ გახარიას გუნდის არაერთი წევრი თავად ავრცელებდა ხმას, პარტიულ აქტივში, სხვადასხვა რეგიონში, რომ ისინი „ქართული ოცნების“ და პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ იყვნენ მხარდაჭერილი. ამგვარმა ქმედებამ მიიყვანა ბიძინა ივანიშვილი იქამდე, რომ პოლიტიკიდან წასული კაცი გამოდის და ამბობს, რომ მისი სახელის გამოყენება არის დაუშვებელი. მართლაც, მისი სახელის გამოყენება არის დაუშვებელი, მით უმეტეს, რომ საქმე ეხება ყოფილ პრემიერს“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ყოფილი პრემიერის მიერ პოლიტიკური პარტიის შექმნას წერილით გამოეხმაურა.

მან გიორგი გახარიას გადადგომას სახელმწიფოს ღალატი უწოდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ფსევდოპარტიების შექმნა ჩემი ხელწერა არასდროს ყოფილა, გამორიცხულია ასეთი რამ საზოგადოებას ვაკადრო“ - ივანიშვილი

👉 „გახარია მისი პროექტი ნამდვილად არ არის“ - გია ხუხაშვილი ივანიშვილზე

👉 შევიტყვე ხმების შესახებ, რომ თითქოს გახარიას პარტია ჩემი „პროექტია“ - ბიძინა ივანიშვილი