მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მადლობელი უნდა იყოს, რომ 2012 წლამდე არსებულ ციხეში არ ზის - დავით ჩიხელიძე მიხეილ სააკაშვილზე

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე, ექპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge

„სახელმწიფო კანონზე დგას და არა გარკვეულ ადამიანთა სურვილზე, ყველანი ვთანხმდებით, რომ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი მაგრამ ეს წარსულია, დღეს ის რიგითი პატიმარია, ზუსტად ისეთი, როგორც სხვა ათასობით პატიმარი, რომელმაც მისთვის განკუთვნილი სასჯელი სრულად უნდა მოიხადოს!“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

მისი თქმით, ის, რომ სააკაშვილი ყოფილი პრეზიდენტია, ინდულგენცია არ არის და მართლმსაჯულებას ვერ გაექცევა:

„მადლობელი უნდა იყოს, რომ 2012 წლამდე არსებულ ციხეში არ ზის. ის რომ თავისივე შექმნილ ციხეში იჯდეს, დაკავებიდან ზუსტად 2 დღეში მის აღიარებით ჩვენებას მოვისმენდით, როგორც ეს თავის დროზე ოქრუაშვილმა გააკეთა... სააკაშვილის დაჭერამ ბევრი ადამიანის ლუსტრაცია მოახდინა. სამწუხაროდ გამოჩნდა, რომ ერშიც და ბერშიც ბევრი ადამიანის მორალთან მწყრალად არის.... არცერთი ადამიანის დაპატიმრება არ მიხარია, მაგრამ აუცილებელია ადამიანმა საკუთარ დანაშაულზე პასუხი აგოს, ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება მოითხოვო ადამიანის გათავისუფლება, რომლის ხელმძღვანელობით ადამიანების ფიზიკური განადგურება ხდებოდა, რომელმაც სახელმწიფოს კუთვნილი ფული გაფლანგა, დაარბია და მიიტაცა ტელეკომპანია და ა.შ. მან, რა თქმა უნდა, ყველაფერზე პასუხი კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგოს. რაც შეეხება ყბადაღებულ შიმშილობის და გათავისუფლების თემას, შორს რომ არ წავიდე, სააკაშვილის დროს, პატიმრები არათუ შიმშილობდნენ, არამედ უამრავი მათგანი პროტესტის უკიდურეს ფორმას, პირის ამოკერვას მიმართავდა, მაგრამ ამის გამო არცერთი მათგანის გათავისუფლება არ მომხდარა. გათავისუფლების თემის შიმშილობასთან მიბმა, შეუსაბამო და არაკომპეტენტურია.

ის, რომ სააკაშვილი ყოფილი პრეზიდენტია, ინდულგენცია არ არის და მართლმსაჯულებას ვერ გაექცევა. როგორც საღვთო წიგნი გვასწავლის, „ვისაც ბევრი მიეცა, ბევრი მოეთხოვება, და ვისაც მეტი მიენდო, მეტი მოეკითხება“. ეს პირველ რიგში, კარგად იმ სასულიერო პირებმა უნდა იცოდნენ, რომლებიც დღეს სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. ბოლო დროს სიტყვათა წყობა „დიდი საერთო-სახალხო შერიგება“ შეუძლებელია, მოხდეს, რადგან ეს უსამართლობის და ბოროტების გამარჯვება იქნება. დღეს ქვეყანას სამართლიანობის აღდგენა სჭირდება, სააკაშვილის საპყრობილეში ყოფნა სამართლიანობის აღდგენას ემსახურება, ეს წმინდა წყლის სამართლებრივი აქტია, რომელსაც პოლიტიკასთან საერთო არ აქვს“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.