მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მამუკა მდინარაძე: დადგა დრო და ეს არის მომავალზე ორიენტირებული ყველა ხელისუფლების ერთგვარი ვალდებულება, გაწეროს სამომავლო გეგმა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე Pia.ge

„რატომღაც ბევრმა აღიქვა, თითქოს ჩვენ ვგეგმავთ 2030 წელსაც ვიყოთ ხელისუფლებაში. ეს არავინ იცის ვინ იქნება, კოალიცია იქნება, რა პოზიციებზე იქნება მაშინ „ქართული ოცნება”, მაგრამ მგონია, რომ დადგა დრო და ეს არის ყველა მომავალზე ორიენტირებული ხელისუფლების ერთგვარი ვალდებულება, რომ გაწეროს სამომავლო გეგმა“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „მთავარი არხის“ ტოქშოუში „ინტერვიუ ხელისუფლებასთან“ ქვეყნის განვითარების ათწლიან გეგმაზე საუბრისას.

მისი თქმით, მისასალმებელია პრემიერის ინიციატივა იმის შესახებ, რომ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, საპარლამენტო უმრავლესობისთვის მომავალი წლების განვითარების თავისი ხედვა გაეცნო.

„რატომღაც ბევრმა აღიქვა და შეიძლება ამაში თქვენც შეუწყეთ ხელი, რომ ეს არის მესიჯი, თითქოს ჩვენ ვგეგმავთ 2030 წელსაც ვიყოთ ხელისუფლებაში. ეს არავინ იცის ვინ იქნება, კოალიცია იქნება, „ქართული ოცნება” რა პოზიციებზე იქნება მაშინ, მაგრამ მგონია რომ დადგა დრო და ეს არის ყველა მომავალზე ორიენტირებული ხელისუფლების ერთგვარი ვალდებულებაც, რომ გაწეროს სამომავლო გეგმა. არა მხოლოდ მისი ხელისუფლების სამოქმედო, არამედ რაღაც პერიოდის შემდეგ, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, იდოს ქვეყნის განვითარების დოკუმენტი და თუ მასში ვიღაც ცვლილების შეტანას დააპირებს, მან ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, ანუ არგუმენტებით განმარტოს, რატომ არ არის ამ გეგმაში გაწერილი პრიორიტეტები სწორი და რატომ არის სხვა პრიორიტეტი უფრო სწორი ქვეყნის განვითარებისათვის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ეკონომიკური პარამეტრები რთულად, მაგრამ განჭვრეტადია.

„ჩვენ რამდენიმე თვის წინ დაახლოებით ვიცოდით, რომ ამ პერიოდში ასი ათასამდე ტურისტი გვეყოლებოდა. ეს ძალიან მცირე ციფრია იმასთან შედარებით, რაც ტურიზმის ქვეყანას გვჭირდება, მაგრამ ეს განჭვრეტადი იყო და ეს ასე მოხდა. როდესაც მინისტრებმა წარმოადგინეს თავიანთი გეგმა, არ გეუბნებით, რომ ზუსტად ისე გაიწერება სტრატეგიულ დოკუმენტში, შეიძლება შენიშვნები და დისკუსიები იყოს. კარგი იქნება, რაც მეტად ინკლუზიური იქნება და უზრუნველყოფილი იქნება

სხვადასხვა ფორმით საზოგადოების ჩართულობა, თუნდაც ოპოზიციის და ა.შ., ამაზე მსჯელობას გავაგრძელებთ. არის ისეთი საკითხები, რომელიც უალტერნატივოა და შეუძლებელია პოპულისტურად შემოატრიალონ. როდესაც მუშაობა მიდის, შეუძლებელია პოპულიზმისთვის გადმოვაგდოთ ეს თემები. ამაზე ვიმუშავებთ, არ ვამბობთ, რომ გაისად გამოვაქვეყნებთ, მაგრამ შევთანხმდით, რომ გაგრძელდება მუშაობა დარგების, სფეროების მიმართულებით და გარკვეული პერიოდის შემდეგ, არ ვიცი ეს პერიოდი რამდენი იქნება ზუსტად, ერთ წელზე არ ვსაუბრობთ, ჩვენ ამას წარმოვადგენთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.