მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მეგრელებო, ქართველებო ღირსების საკითხია, ან გაიმარჯვებს სიმართლე, ან არადა ჩვენს გვამებზე უნდა გადაიაროთ“ - მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ზუგდიდში პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მხარდამჭერებს მიმართა და 8 ოქტომბერს შეკრებისკენ მოუწოდა.

მელიას თქმით, ხელისუფლება ოპოზიციას ბრძოლაზე უარს ვერ ათქმევინებს.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, უკომპრომისო ბრძოლა სწორედ, რომ დღეს ზუგდიდიდან და სამეგრელოდან იწყება.

„ბრძოლაზე უარს ვერ გვათქმევინებთ. ბრძოლა იქნება დღეს და სანამ სიმართლე არ დამტკიცდება, სანამ „ქართული ოცნება“ არ აღიარებს და მთელი საერთაშორისო საზოგადოება არ გაიგებს რა ჩაიდინეს. პირადად მე არაერთ ელჩთან მქონდა საუბარი და მერწმუნეთ, არავინაა ისეთი, ვინც მანუჩარ ფიფიას მიმართ სოლიდარული არ არის. ღირსების საკითხია ზუგდიდელებო, ღირსების საკითხია მეგრელებო, ქართველებო. ან გაიმარჯვებს სიმართლე ან გაიმარჯვებს ღირსება, ან გამარჯვებულს როცა უნდათ და რანაირადაც უნდათ ისე გამოაცხადებენ. ასე ვერ იქნება, მაშინ ჩვენს გვამებზე უნდა გადაიაროთ.

ვერანაირად ვერ ეღირსებით ამას. ვიწყებთ უკომპრომისო ბრძოლას და შემთხვევით არ ვარ ზუგდიდში. მოგვიანებით დავაანონსებ კონკრეტულ საათს ზუგდიდში და ზუგდიდელებს ვთხოვ, რომ ხვალ შევიკრიბოთ. ჩვენი მკაფიო ხმა გავაგონოთ არა მხოლოდ სამეგრელოს, არამედ მთელ საქართველოს“, - აცხადებს ნიკა მელია.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში მერის არჩევნებში მეორე ტური გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები მამუკა წოწორია და ანზორ მელია დაუპირისპირდებიან.

რაც შეეხება საკრებულოს, უმრავლესობა პირველი ტურის შედეგებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.