მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შიმშილობს“ - ნათია თურნავა სააკაშვილზე

ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის საკითხს გამოეხმაურა.

ნათია თურნავას თქმით, აღნიშნული საკითხით ის დაინტერესებული არ არის.

მინისტრი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი დაკისრებული კანონით იხდის სასჯელს.

ამასთან, რაც შეეხება სააკაშვილის შიმშილობის საკითხს, ნათია თურნავა ამბობს, რომ მისი აზრით ეს კითხვა ეკონომიკის მინისტრის მიმართ არაადეკვატურია.

„რაც შეეხება იმას, შიმშილობს თუ არ შიმშილობს, არ მიწყინოთ, ვფიქრობ, რომ არაადეკვატური კითხვაა ეკონომიკის მინისტრის მიმართ. მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შიმშილობს სიღარიბის გამო, საქართველოშიც ჯერ, სამწუხაროდ, სიღარიბის პრობლემა გვაქვს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში, რომელიც მან 4 ოქტომბერს გაავრცელა, აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

9 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

10 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.