მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მუქარანარევი განცხადებების ნაცვლად სჯობს რუსეთმა საქართველოდან ჯარები გაიყვანოს“ - ლაშა დარსალია პესკოვის განცხადებაზე

ლაშა დარსალია

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია დიმიტრი პესკოვის განცხადებას ეხმაურება.

„ყურადღება მივაქციეთ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის კომენტარებს საქართველოში მიმდინარე მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებთან „Agile Spirit 2021“ დაკავშირებით და გვინდა აღვნიშნოთ შემდეგი, რომ საქართველოს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, აქვს სრული უფლება თავის ტერიტორიაზე ჩაატაროს სამხედრო წვრთნები, მათ შორის მრავალეროვნული ხასიათის, საერთაშორისო სამართლის შესაბამისი მოთხოვნების დაცვით, რაც ხორციელდება კიდეც“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ.

მისი თქმით, მუქარა ნარევი განცხადებების ნაცვლად, სჯობს რუსეთმა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და სწორედ ეს შეუწყობდა ხელს უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებას.

„საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო წვრთნები ემსახურება ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწას და გაძლიერებას, მრავალეროვნული მზადყოფნისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას და არ არის მიმართული რომელიმე მესამე მხარის წინააღმდეგ.

საქართველოს, ისევე როგორც მთელი რეგიონის უსაფრთხოებას ძირს უთხრის სწორედ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, პირველ ყოვლისა საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, მათი მილიტარიზაცია და პერმანენტული სამხედრო წვრთნები ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

მუქარა ნარევი განცხადებების ნაცვლად, სჯობს რუსეთმა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და სწორედ ეს შეუწყობდა ხელს უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებას“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ინფორმაციისთვის, Agile Spirit 2021 საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის ორგანიზებით იმართება, რომელსაც დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია ხელმძღვანელობს.

საერთაშორისო წვრთნები საქართველოში 6 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.