მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მზადყოფნას ვადასტურებთ, რომ საქართველომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ისევ შეასრულოს მედიატორის როლი“ - პრემიერი

მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა.

პრემიერის თქმით, პროცესი 1 თვის წინ დაიწყო და გუშინ, 12 ივნისს კონკრეტული შედეგით დასრულდა.

„ეს პროცესი დაახლოებით 1 თვის წინ დავიწყეთ, როცა საუბარი მქონდა ორივე ქვეყნის ლიდერთან პრეზიდენტ ალიევთან და პრემიერ ფაშინიანთან. პროცესი 1 თვის წინ დავიწყეთ და გუშინ დავასრულეთ კონკრეტული შედეგით, რაც მართლაც უპრეცედენტოა.

საქართველომ ფასილიტაციით თუ ხელშეწყობის როლი იკისრა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, შესაძლებელი გახდა 15 სამხედრო სომხის გათავისუფლება, რომლებიც ომის დროს დააკავეს. სომხეთის მხრიდან, აზერბაიჯანისთვის იქნა გადაცემული ძალიან მნიშვნელოვანი მასალა და დოკუმენტაცია, რომელიც შეეხება დანაღმულ ტერიტორიას.

შემთხვევით მინდა ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო ორივე ქვეყნის ლიდერს. ჩვენ ძალიან აქტიური როლი შევასრულეთ, პირადად ვიყავი ჩართული, 24 საათიან რეჟიმში, ორივე ქვეყნის ლიდერთან მქონდა საუბრები. ჩვენ ასევე მზადყოფნას ვადასტურებთ, რომ ამ პროცესში საქართველომ შეასრულოს მედიატორის როლი, სრული მზადყოფნა დავუფიქსირე ორივე ქვეყნის ლიდერს. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და სტაბილურობის მიღწევით რეგიონში. ჩვენი საერთო ამოცანა უნდა იყოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა, რაც იქნება საფუძველი ძალიან მნიშვნელოვანი გრძელვადიანი პროექტების განსახორციელებლად“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინფორმაციისთვის, პრემიერ ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციით და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა.