მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნამდვილად არ მიხარია ვინმეს ციხეში გამოკეტვა, როგორც არ მიხაროდა სააკაშვილის რეჟიმის დროს კონკრეტული ოჯახების გაუბედურება“ - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე

„სააკაშვილი იმყოფება იქ, სადაც უნდა იყოს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, არავის დაკავება არ უხარია, თუმცა სააკაშვილს კონკრეტული დანაშაული აქვს ჩადენილი, რისთვისაც პასუხი უნდა აგოს.

„მიხეილ სააკაშვილს აქვს კონკრეტული დანაშაული ჩადენილი. მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, ნამდვილად არ მიხარია ვინმეს დაკავება და ციხეში გამოკეტვა, ისევე, როგორც არ მიხაროდა სააკაშვილის რეჟიმის დროს კონკრეტული ოჯახების გაუბედურება; არ მიხაროდა ახალგაზრდების მკვლელობები; არ მიხაროდა 26 მაისს სახურავზე შემოყრილი გარდაცვლილი ადამიანების გვამები. რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან მძიმე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იქნება მას შემდეგ, რაც სასჯელს მოიხდის.

„სააკაშვილი იმყოფება იქ, სადაც უნდა იყოს. ჩვენ ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში - „თავისუფლება მიშას“. მიშას აუცილებლად ექნება თავისუფლება, მას შემდეგ, როდესაც სასჯელს მოიხდის“ - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

10 ოქტომბრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დამაკმაყოფილებელია.

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ციხეში ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი დააკვირდება.

მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება, თუმცა, მოგვიანებით, უკრაინის პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილის ექსტრადირებას არ ითხოვს.

14 ოქტომბერს თბილისში სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. ექსპრეზიდენტმა მრავალრიცხოვანი აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „არ მაქვს შურისძიების გრძნობა ციხეში მყოფი მოშიმშილე სააკაშვილის მიმართ“ - ბესელია

🔴 ეს არის ფარსი, მიშა და შენდა სამწუხაროდ, ფარსია შენი ბუნებრივი მდგომარეობა - გიორგი გამსახურდია მიხეილ სააკაშვილს

🔴 „მიშა სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი და არის იქ, სადაც უნდა იყოს“ - გახარია

🔴 „გადაიყვანენ საავადმყოფოში და ამით დამთავრდება ყველაფერი“ - საყვარელიძე სააკაშვილის ჯანმრთელობაზე