მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკა მელია პარლამენტს ტოვებს

ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია საპარლამენტო მანდატს ტოვებს. აღნიშნულის შესახებ მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მელიას თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მიშელის დოკუმენტის ანულირებით დასავლური სივრცე დატოვა.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება არ ცვლის დღის წესრიგს ჩვენს გეგმებში. არანაირი ძალა და მნიშვნელობა არ აქვს „ქართული ოცნების“ სურვილს გამოვიდეს დაწესებული 43%-იანი ბარიერის ვალდებულებიდან. გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ დატოვა დასავლური სივრცე და პრაქტიკულად მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად აღიარა რუსეთი.

„ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ. კიდევ უფრო მკაფიო გახდა თუ რასთან გვაქვს დღეს საქმე. აქედან გამომდინარე მოკლე და კონკრეტულად მინდა გითხრათ, რომ ჩვენ შევდივართ ბრძოლაში ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ. დამარცხებული „ქართული ოცნების“ გაფორმება უნდა მოხდეს 2 ოქტომბერს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

მელიას თქმით, არჩევნებზე თითოეულ ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

„საქართველოს არცერთ მოქალაქეს აქვს უფლება, რომ ჩვენი საგარეო კურსი შეიცვლება ჩვენი პასიურობით. „ქართული ოცნება“ ამას ვერ განახორციელებს. დღეს ერი უნდა გაერთიანდეს ეგზისტენციალური გამოწვევის წინაშე. მნიშვნელობა არ აქვს აღიარებს თუ არა „ქართული ოცნება“ 43%-იან პრინციპს. ჩვენ გავალთ ამ რეფერენდუმზე და დავამარცხებთ „ქართულ ოცნებას“. „ქართული ოცნება“ იქნება იძულებული ჩანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ მათ ნაკლებად ვკითხავთ რეფერენდუმში გამარჯვების შემდეგ ჩანიშნავს თუ არა ვადამდელ არჩევნებს. იმიტომ რომ ამ არჩევნებს ქართველი ხალხი ჩანიშნავს“, - აღნიშნა მელიამ.

რაც შეეხება პარლამენტს, მელიას თქმით, პარლამენტი ლეგიტიმაციისგან არის დაცლილი და ოქტომბრის რეფერენდუმის ბრძოლაში ერთვება.

„პარლამენტი დაცლილია ლეგიტიმაციისგან, მე პირადად მივდივარ ოქტომბრის რეფერენდუმის ბრძოლაში და ვტოვებ იქაურობას. ეს ნიშნავს იმას, რომ მე ვტოვებ საპარლამენტო მანდატს“, - დასძინა ნიკა მელიამ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მმართველი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ პარლამენტი „გირჩი მეტი - თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემაც დატოვა.

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

ამავე თემაზე:

✔️„მოვუწოდებ ყველა მხარეს, საქართველოს მოქალაქეების ინტერესები პირველ ადგილზე დააყენონ“ - შარლ მიშელი

✔️ „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს