მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნიკა მელიას გამო ჩავწერეთ ამნისტია შეთანხმებაში და ახლა ხელს რომ არ აწერთ, უხერხული არ არის?“ - ელისაშვილი ენმ-ს

პარლამენტის წევრი 2021

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მიერ შემუშავებულ ამნისტიის კანონპროექტებში დიდ განსხვავებას ვერ ხედავს და მისთვის გაუგებარია რაზე დაობენ მხარეები.

მან „ქართული ოცნების“ ამნისტიის კანონპროექტის ინიციატორს ანრი ოხანაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას კითხვებით მიმართა.

„ბატონო ანრი, თქვენ მინდა გკითხოთ და ასევე კითხვა მაქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ჩვენ შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერისას შევთანხმდით, რომ იქ რა პუნქტებიც იყო ჩამოწერილი ყველაფერზე შევთანხმდებოდით და რატომ ხდება, რომ მაინც ცალკე გამოგაქვთ ეს პროექტი.

მე ორ განსხვავებას დავესწარი და ბოდიში მომითხოვია ორივე მხარესთან, დიდი განსხვავება ვერ დავინახე, ვერაფერი არსებითი, რატომ ხოცავდით ერთმანეთს, ვერ გავიგე, მარტო სიტყვებზე გამოდავებას ვხედავდი.

ის პატიოსანი კაცი რომ ჩამოვიდა, ხომ შევთანხმდით, რომ ამნისტიის კანონპროექტზე შევთანხმდებოდით და მაინც რატომ ვერ ვთანხმდებით? და ასევე „ნაციონალურ მოძრაობას მინდა ვუთხრა, რაც არ მომწონდა და არ მომწონს, არის ის, რომ რადგან ოპოზიციაში ხარ ე.ი. უნდა გძულდეს ხელისუფლება და არაფერზე დაეთანხმო, ეს წესი იყო ჩემთვის ყოველთვის გაუგებარი.

ეს დალოცვილი, ნიკა მელია რომ იყო ციხეში და ის რომ არა მხოლოდ ციხიდან გამოსულიყო, არამედ სასჯელისგან გათავისუფლებულიყო, ჩიხიდან რომ გამოვსულიყავით, ამიტომ ჩავწერეთ ამნისტია და ახლა რომ იძახით არც ხელს ვაწერთ, საერთოდ რატომ იხილავთ და არ შეგვეხებაო, უხერხული არ არის? ამაზე გამეცით პასუხი“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული ამნისტიის კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილება.

განხილვას ესწრებიან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ მმართველი გუნდის კანონპროექტს მხარს არ უჭერენ.