მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველო იბრუნებს უმნიშვნელოვანეს ფუნქციას რეგიონში

საქართველო იბრუნებს უმნიშვნელოვანეს ფუნქციას რეგიონში

საქართველო იბრუნებს უმნიშვნელოვანეს ფუნქციას რეგიონში, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„პირადად ირაკლი ღარიბაშვილმა წარმატებით შეასრულა ერთ-ერთი მთავარი მედიატორის ურთულესი როლი, რამაც საგრძნობლად განმუხტა არსებული ვითარება. ეს იყო არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთლიანად რეგიონის წარმატება, რაც სათანადოდ იქნა აღქმულ-შეფასებული.

საქართველო იბრუნებს უმნიშვნელოვანეს ფუნქციას რეგიონში, რაზედაც მოწმობს სულ ახლახან პრემიერის მიერ განხორციელებული ვიზიტები როგორც სომხეთში, ასევე, აზერბაიჯანსა და თურქეთში და უკრაინის პრემიერ მინისტრის მასპინძლობა საქართველოში. ამ ვიზიტებს აუცილებლად ექნება კიდევ უფრო მეტი, ქვეყნისთვის სასიკეთო შედეგი, რასაც ჩვენ ყველა ერთად ვიხილავთ“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.

ნიკოლოზ სამხარაძე კომიტეტის სახელით გამოეხმაურა პრემიერ მინისტრის ყოველწლიური მოხსენების საგარეო მიმართულების ძირითად აქცენტებს და განაცხადა, რომ დღეს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 7 წლის თავზე სახეზე გვაქვს ევროინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული არაერთი კონკრეტული ნაბიჯი.

„აშკარაა ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება როგორც პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ასევე ინსტიტუციურ დონეზე. მივესალმებით და მაქსიმალურად ვერთვებით 2024 წლისათვის ევროკავშირში წევრობის ოფიციალური განაცხადის მომზადებასა და ამ მიზნის მისაღწევად გადასადგმელი ქმედითი ნაბიჯების განხორციელებაში.

ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება ერთ-ერთ ძირითად საგარეო პოლიტიკურ ამოცანად რჩება. საქართველო სრულად თავსებადია ალიანსთან და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თითოეული ინსტრუმენტის ეფექტური გამოყენება, რათა ხელი შევუწყოთ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დაჩქარებას. ნატო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის და, მთლიანად, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.