მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველოში არსებული შიდა არეულობა და მუდმივი დაპირისპირება მხოლოდ ერთი ქვეყნის - რუსეთის ინტერესებში შედის

ნიკოლოზ სამხარაძე

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ამერიკის შეერთებული შტატების სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარის სენატორ ჯინ შაჰინის, ასევე, სენატორების რონ ჯონსონისა და ჯიმ რიშის ავტორობით შექმნილ რეზოლუციას გამოეხმაურა.

„რეზოლუციის მთავარი თემა ჩვენი ხელისუფლების და ოპოზიციურ პარტიებს შორის ხელმოწერილი შეთანხმების შესრულებაა და რომელიც სულ ახლახან გაეგზავნა ამერიკის შეერთებულ შტატების სენატს.

ეს ყოველივე წარმოადგენს მორიგ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც კიდევ ერთხელ ამყარებს საკანონმდებლო დონეზე მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერას.

რეზოლუციის ტექსტი სწორად საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და დემოკრატიის განვითარების მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების ორპარტიული მხარდაჭერის მორიგი დადასტურებაა“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისი თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ამერიკის შეერთებული შტატები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში, უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და საქართველოს, როგორც დემოკრატიულ, ასევე ეკონომიკურ განვითარებაში.

„საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები დაფუძნებულია ისეთ საერთო ღირებულებებზე, როგორებიცაა დემოკრატია, თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ადამიანის პატივისცემა.

აქვე არ შეიძლება, არ აღინიშნოს ჩვენი გუნდის თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად ბოლო წლების განმავლობაში მიღებული ამერიკის შეერთებული შტატებიდან უპრეცედენტო მხარდაჭერა, რომელიც ყველა მიმართულებით აისახა, რაც მომავალი თანამშრომლობის შეუქცევადობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

შესაბამისად, ჩვენ უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორის და მეგობარი ქვეყნის დამოკიდებულებას და რეკომენდაციებს არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება კონკრეტულად რეზოლუციის ტექსტს, სრულად ვიზიარებთ ჩვენი პარტნიორების პათოსს, რომლის მიხედვითაც ოპოზიციამ პარლამენტში კუთვნილი ადგილი უნდა დაიკავოს ზუსტად იმ პროპორციით, რომლითაც მათ ქართველმა ხალხმა 2020 წლის არჩევნებში დაუჭირა მხარი.

ჩვენმა გუნდმა არაერთხელ საჯაროდ დააფიქსირა და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ „ქართული ოცნება“ სრულ მზადყოფნას გამოთქვამს ზედმიწევნით შეასრულოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით დადებული შეთანხმების პუნქტები.

ჩვენ ასევე მზად ვართ ღია ინკლუზიური და გამჭვირვალე საპარლამენტო პროცედურებით დავიწყოთ მუშაობა სისტემურ რეფორმებზე, რომლის საბოლოო მიზანი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ევროკავშირში და ნატოში სრულფასოვანი ინტეგრაცია და მსგავსი შიდა , ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისების განმეორების თავიდან აცილებაა.

აგრეთვე კარგად ვაცნობიერებთ იმასაც, რომ საქართველოში არსებული შიდა არეულობა და მუდმივი დაპირისპირება მხოლოდ ერთი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის ინტერესებში შედის, რასაც დამატებით ართულებს ოკუპანტის მხრიდან მუდმივი დესტრუქციული ნაბიჯები როგორც ქვეყნის, ასევე რეგიონის მასშტაბით, რომელთა საბოლოო მიზანს ქაოსი, საქართველოს განვითარებისთვის ხელის შეშლა და ოკუპაციის გაგრძელება წარმოადგენს.

საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა მიმართულია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ და ჩვენ კიდევ ერთხელ მზადყოფნას გამოვთქვამთ, გავაძლიეროთ საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელიც საერთო ინტერესებსა და ღირებულებებს ეფუძნება, ასევე გავაძლიეროთ ეს თანამშრომლობა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და ქართული დემოკრატიის გასაღრმავებლად.

მოვუწოდებთ ოპოზიციას შეუერთდეს ამ საერთო ძალისხმევას და, დაპირისპირების ნაცვლად, ეროვნულ თანხმობას და თანამშრომლობას შეუწყოს ხელი“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 საქართველოს პოლიტიკურ ბედს შორსმიმავალი შედეგები აქვს რეგიონსა და მთელ მსოფლიოში დემოკრატიის მდგომარეობისთვის