მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიუ-იორკში, საქართველოს თავმჯდომარეობით სუამ-ის წვერი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ტრადიციული სხდომა გაიმართა

ნიუ-იორკში, საქართველოს თავმჯდომარეობით სუამ-ის წვერი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ტრადიციული სხდომა გაიმართა

2021 წლის 22 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამის საქართველოს თავმჯდომარეობით, საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ტრადიციული სხდომა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, სხდომას თავმჯდომარეობდა საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და მასში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა, მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ და სუამის გენერალურმა მდივანმა, ალთაი ეფენდიევმა.

მინისტერიალზე მხარეებმა განიხილეს ორგანიზაციის დღის წესრიგში არსებული თანამშრომლობის ძირითადი საკითხები, მათ შორის პოლიტიკური, სექტორული და საპარლამენტთაშორისო მიმართულებით.

პოლიტიკური ურთიერთქმედების კონტექსტში, დავით ზალკალიანმა სხდომის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ რთულ ვითარებასა და საოკუპაციო ძალის პროვოკაციულ ქმედებებზე.

მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ რუსეთი არ ასრულებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დებულებებს და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული ჩართულობის მნიშვნელობას.

მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოში 2021 წლის 2 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

მინისტერიალზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს და დადებითად შეაფასეს სუამ+ ფორმატის ფარგლებში თანამშრომლობა ორგანიზაციის პარტნიორ ქვეყნებთან და სხვა საერთაშორისო, მათ შორის რეგიონულ ორგანიზაციებთან. ამასთან, მიმოიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები სხვა ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან, რაც მიმდინარე წელს, სუამში საქართველოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

შეხვედრაზე მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება სუამის სტრატეგიული კომუნიკაციების სამუშაო ჯგუფის დაფუძნების თაობაზე, რომელიც ქართული მხარის ინიციატივას წარმოადგენს.

შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა ხელი მოაწერეს სხდომის ოქმს და გადაწყვეტილებებს საორგანიზაციო საკითხების შესახებ.