მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპანტების მიერ დაკავებულის საკითხზე ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს

მავთულხლართები საქართველოში

ქართული მხარის ინიციატივით, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის დაჭრისა და უკანონო დაკავების თაობაზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ქეთევან ციხელაშვილმა დელეგაციებს აღნიშნული ინციდენტის თაობაზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და განაცხადა, რომ მსგავსი პროვოკაციები ახდენს ვითარების ესკალაციას და იწვევს ადგილზე არსებული სიტუაციის დესტაბილიზაციას.

ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ სამწუხაროდ, ზაზა გახელაძის შემთხვევა არ არის გამონაკლისი. წლების მანძილზე, ადგილობრივ მოსახლეობას საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს უკანონოდ აკავებენ, რითაც უხეშად ილახება მათი ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები.

„ბოლო დღეების მანძილზე, ქართულმა მხარემ რამდენჯერმე გაააქტიურა ე.წ. ცხელი ხაზი და მოითხოვა დაჭრილი და უკანონოდ დაკავებული მოქალაქის დაუყოვნებლივ გადაცემა“,- აღნიშნა საქართველოს ელჩმა.

ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ ზაზა გახელაძის შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს უკანონო დაკავებებისა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის პრაქტიკის შეწყვეტის აუცილებლობას.

მან საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია საოკუპაციო რეჟიმის მიერ ბოლო პერიოდში დაკავებულ კიდევ ორ პირზე - გენადი ბესტაევსა და ხვიჩა მღებრიშვილზე.

ქეთევან ციხელაშვილმა გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა, რომ პანდემიის მიუხედავად, რუსული მხარე აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს. მან ეუთო-ს წევრებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ კოვიდ-პანდემიის პარალელურად, რუსეთს არ შეუწყვეტია ე.წ. „ბორდერიზაცია“ და უკანონო ხელოვნური ბარიერები აღმართა დამატებით 14 სოფელში.

საქართველოს ელჩმა მუდმივი საბჭოს სხდომაზე ისაუბრა ოკუპაციით გამოწვეულ ჰუმანიტარულ პრობლემებზე.

მან განაცხადა, რომ ბოლო თვეების მანძილზე, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვისა და გადაადგილების შეზღუდვის შედეგად, 15 ადამიანი დაიღუპა, ვინაიდან მათ არ მიეცათ ან შეუფერხდათ წვდომა კრიტიკულად მნიშვნელოვან ჯანდაცვის სერვისებზე.

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ევროკავშირის შუამავლობით დადებულ შეთანხმებასა და გაერო-ს გენერალური მდივნის მხრიდან გლობალური მასშტაბით ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებას. საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ განლაგებული რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან ორგანიზებული პროვოკაციები, კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების წვდომის საჭიროებას.

საქართველოს წარმომადგენელმა მოუწოდა რუსეთს, დაუშვას საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მექანიზმები ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დაიწყოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების უპირობო შესრულება.

სხდომის ფარგლებში, საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ნორვეგიის, კანადის, ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებმა. მათ ერთხმად დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და დაგმეს საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და უკანონოდ დაკავების ფაქტი.

გამომსვლელებმა დაგმეს რუსეთის პროვოკაციული ქმედებები და ყურადღება გაამახვილეს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის მიუღებლობაზე, რომელიც არღვევს ადგილობრივი მაცხოვრებლების უფლებებს და უზღუდავს მათ თავისუფალ გადაადგილებას.

დელეგაციებმა მოუწოდეს რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო სამართლის ნორმები და ნაკისრი ვალდებულებები, უპირველესად, ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და გაიყვანოს უკანონოდ განთავსებული სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. დელეგაციები ასევე შეუერთდნენ ქართული მხარის მოთხოვნას, საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, აფხაზეთისა და ცხინვალი/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში დაშვებასთან დაკავშირებით, მისიის მანდატის შესაბამისად.