მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ოლიგარქიული მმართველობის მქონე ქვეყანა ვერანაირ ნატოსა და ევროკავშირში ვერ აღმოჩნდება“ - სამადაშვილი

სალომე სამადაშვილი პარლამენტში

„არაფორმალური, ოლიგარქიული მმართველობის მქონე ქვეყანა ვერანაირ ნატოსა და ევროკავშირში ვერ აღმოჩნდება და თავს ნუ მოიტყუებთ“, - ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობას.

სალომე სამადაშვილმა ნატოში გაწევრიანების შესახებ დეკლარაციაზე და სამიტზე ისაუბრა. მან ოპოზიციურ პარტიებს მიმართა და მოუწოდა, რომ დეკლარაციას ხელი მოაწერონ.

სამადაშვილმა ამ კონტექსტში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის როლზეც ისაუბრა.

დეპუტატის თქმით, ივანიშვილის ფუნქცია რჩება ძალიან მნიშვნელოვნად. სამადაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ივანიშვილი ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველია.

„ჩვენ ვნახეთ, რომ გასულ დღეებში საქართველოში ჩამოვიდა რამდენიმე მნიშვნელოვანი დელეგაცია, როგორც აშშ-დან, ასევე, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ეს არის ძალიან ნათელი დემონსტრირება ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის ნატოს სამიტის წინ, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს სამიტზე ჩვენ სამწუხაროდ არ ვიქნებით წარმოდგენილი.

ვერ გავიზიარებ იმ შეხედულებას, რომ აქ არ შეიძლება პრეტენზიები გვქონდეს ხელისუფლებასთან. მიუხედავად ამისა, ჩვენი ფრაქცია დღეს ხელს მოაწერს იმ დეკლარაციას, რომელიც წარმოდგენილი იქნა ნატოში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების მხარდასაჭერად და ეს იმიტომ არ ხდება, რომ ჩვენ რაიმე ილუზია გვაქვს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ან გვქონდა პროგრესი ამ მიმართულებით ან მომავალში გვექნება.

ნატოში ჩვენი ქვეყანა გაწევრიანდება აუცილებლად, მაშინ როდესაც ხელისუფლება შეიცვლება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზის. ამავე დროს, ძვირფასო კოლეგებო, მსურს, შეგახსენოთ, რომ ნატო ეს არის ლიბერალური დემოკრატიების გაერთიანება. ლიბერალური დემოკრატიების გაერთიანება ეფუძნება გარკვეულ ღირებულებებს, ამ ღირებულებებში ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპია წარმომადგენლობითი მმართველობა და კანონის უზენაესობის პრინციპები.

მაინტერესებს, დღეს როდესაც ვაწერთ ხელს ნატოში გაწევრიანების დეკლარაციას, როდესაც ჩვენი მეგობრები და სტრატეგიული მოკავშირეები გვესაუბრებიან იმაზე, რომ აუცილებელია ქვეყანამ განახორციელოს შესაბამისი რეფორმები იმისთვის, რომ შევქმნათ პოლიტიკური სისტემა, რომელიც მართლაც შეიძლება ქვეყანაში გვქონდეს. ამ კონტექსტში მე მაინტერესებს რა იყო ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი მორიგი გზავნილი, რომელიც საზოგადოებამ მოისმინა. მე მართლა არ მესმის, ვინ არის ეს პიროვნება და რა პოზიცია უჭირავს მას ჩვენს ქვეყანაში.

ვერ გავიგე, სულიერი ლიდერია ჩვენი ქვეყნის? ჭკუას გვარიგებს დრო და დრო, თუ გაერიდა პოლიტიკურ პროცესს, მაშინ რატომ ერევა პოლიტიკურ პროცესში? საერთოდ, რა არის მისი ფუნქცია ჩვენს დღევანდელ სახელმწიფო მართვაში? სამწუხაროდ, რაც ჩვენ გუშინ დავინახეთ, არის ის, რომ მისი ფუნქცია რჩება ძალიან მნიშვნელოვნად, ის რჩება ამ ქვეყნის არაფორმალურ მმართველად, იმ არაფორმალურ მმართველად, რომელიც იღებს კვლავ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.

ერთი რამე შემიძლია გითხრათ, ხელს კი მოვაწერ დღევანდელ დეკლარაციას ნატოში გაწევრიანების შესახებ, მაგრამ არაფორმალური, ოლიგარქიული მმართველობის მქონე ქვეყანა ვერანაირ ნატოსა და ევროკავშირში ვერ აღმოჩნდება და თავს ნუ მოიტყუებთ“, - განაცხადა სამადაშვილმა პლენარულ სხდომაზე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „გახარიას ქმედება იყო სახელმწიფოს ღალატი“ - ბიძინა ივანიშვილის განცხადება

✔️ „ივანიშვილს, როგორც ჩანს, პოლიტიკა არ დაუტოვებია“ - ვახტანგ ძაბირაძე

✔️ „გახარია მისი პროექტი ნამდვილად არ არის“ - გია ხუხაშვილი ივანიშვილზე