მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოპოზიციამ მომდევნო სამი აქცია დააანონსა

საპროტესტო აქცია

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია დასრულდა.

მიტინგზე ოპოზიციამ მხარდამჭერებს მომავალი აქციების თარიღები და სამოქმედო გეგმა დაუსახელა.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, მომდევნო აქცია 17 ნოემბერს, მაიკ პომპეოს ვიზიტის დროს შედგება.

„ჩვენ ყველა მივესალმებით მას, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, ჩვენი მთავარი თავისუფლების გარანტი ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენელს და, ასევე, ვაჩვენებთ მთელ მსოფლიოს მდუმარე პროტესტს. დავაფენთ თითოეულ სტიკერს, სადაც ეწერება „გაყალბებულია“ და რუსთაველის პირველიდან ჭავჭავაძის გამზირის პირველამდე, მთელი ცენტრალური პროსპექტები მოფენილი იქნება ამ სტიკერებით, დავაფენთ, დავდგებით ზედ და ვიტყვით, გაყალბებულია, გაყალბებულია, გაყალბებულია და ამ სიყალბეს არ მივიღებთ!

ორი მეტრი იქნება თითოეულ ადამიანს შორის დისტანცია. შეიძლება გვერდზე ისეთი მეზობელი იყოს, რომელიც არ გვიყვარს ან ისეთი პარტია, რომელიც არ გიყვარს, მნიშვნელობა არ აქვს ამას“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.

მისი თქმით, კიდევ ერთი აქცია არჩევნების მეორე ტურის დღეს, 21 ნოემბერს, გაიმართება, სადაც პროტესტის მონაწილეები ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ.

გიგი უგულავას განმარტებით, მესამე აქცია კი პარლამენტის შეკრების დღეს გაიმართება.

„ქუდი კაცზე შევიკრიბებით აქ და მათ მოუწევთ ჩვენს თვალებში ჩახედვა, მათ მოუწევთ ჩვენს სხეულზე გადაბიჯება იმისთვის, რომ შევიდნენ აქ და „გაუპრავონ“ ივანიშვილს ის, რაც მისთვის არ მიუცია ქართველ ხალხს, ის, რაც მას არ ეკუთვნის“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.

👉 ინფორმაციისთვის, მთელი ოპოზიციური სპექტრი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ ცნობს და აცხადებს, რომ ის გაყალბებულია.

👉 ყველა პარტიამ, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ დავით ბაქრაძე: მილიარდერმა ოპოზიციიდან ერთი ადამიანიც ვერ მოისყიდა

⭕ კახა კალაძე: „ქართული ოცნება“ ხელახალი არჩევნების ჩატარებას არ განიხილავს