მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ოპოზიციას რიგგარეშე არჩევნების იდეასთან დამშვიდობება მოუწია“ - წულუკიანი

ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი Pia.ge

„ერთადერთი რაც ოპოზიციას დარჩა მეორე ტურში მონაწილეობის მიღებაა,“ - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

წულუკიანის თქმით, პოლიტიკურმა დესტრუქციულმა ოპოზიციამ მარცხი განიცადა.

ვიცე პრემიერი აცხადებს, რომ ოპოზიციის ანგარიშზე იმედგაცრუებაა და მათი ბელადი საპატიმროში იმყოფება.

„მინდა ყველას მივულოცო ორშაბათის დილა მშვიდი და სტაბილური ჩვენს ქვეყანაში, რაც საერთოდ არ შედიოდა პოლიტიკური დესტრუქციული ოპოზიციის გეგმებში. ეს ნამდვილად მოსალოცია და მინდა ყველა იმ ადამიანს ვინც სტაბილურობას, სიმშვიდეს და შესაბამისად „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა გამოვუცხადო.

ჩვენმა პარტიამ დადო ის შედეგი, რომელიც ბევრად მეტია ვიდრე ვიღაცისთვის სასურველი 43 და ნაკლები პროცენტი. შესაბამისად ასევე მარცხი განიცადა პოლიტიკურმა დესტრუქციულმა ოპოზიციამ, რომელიც ფიქრობდა რომ დღეს ისაუბრებდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე. შესაბამისად მათ მოუწიათ, რომ ამ იდეას დამშვიდობებოდნენ. ჩვენ გავაგრძელებთ მომდევნო სამი წელი ცხოვრებას მშვიდობიან, სტაბილურ და იმედი მაქვს ცოტა უფრო მეტად პოლიტიკურად დამშვიდებულ ატმოსფეროში იმისთვის, რომ დავდოთ კიდევ უფრო მეტი შედეგი.

ასევე დღეს მავანი ფიქრობდა, რომ იქნებოდა ხელისუფლებაში, თუმცა ახლა დასრულდა მთავრობის სხდომა და კვლავ მთავრობას ხელმძღვანელობდა ირაკლი ღარიბაშვილი. შესაბამისად ეს იმედგაცრუებაც არის მათ ანგარიშზე და მათი ბელადი არის ციხეში.

მინდა ყველა ჩვენს თანამოქალაქეს ვუთხრა ის რაც პრემიერმა არაერთხელ განაცხადა და ასევე პარტიის თავმჯდომარემაც, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შემოვიდა იმისთვის, რომ გუშინდელიდან მდგარიყო აქციაზე და ორგანიზება გაეწია სამოქალაქო დაპირისპირებისათვის.

ერთადერთი რაც ოპოზიციას დარჩა არის რამდენიმე ოლქში მეორე ტურში მონაწილეობა. ძალიან სასიხარულოა, რომ ისინი როგორღაც საკუთარი ქცევის მოწესრიგებას და მეორე ტურში მონაწილეობას მიღებას. სწორედ ეს არის დემოკრატია. რა თქმა უნდა ისინი მეორე ტურში აუცილებლად დამარცხდებიან“, - აღნიშნა წულუკიანმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოქალაქეებმა 64 მუნიციპალიტეტში მერებისა და საკრებულოების კანდიდატებს მისცეს ხმა.

ცესკოს განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 51.92% შეადგინა.

მერის არჩევნების II ტური საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება, მათ შორის თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთსა და ბათუმში.

თბილისში II ტურში ერთმანეთს კახა კალაძე და ნიკა მელია დაუპირისპირდებიან.

რაც შეეხება თბილისის საკრებულოს მანდატებს, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ 28 მანდატს მიიღებს (19 პროპორციული და ცხრა მაჟორიტარული), „ნაციონალური მოძრაობა“ 13 მანდატს (პროპორციული), „გახარია – საქართველოსთვის“ 4 მანდატს (პროპორციული)„ლელო“ 2 მანდატს (პროპორციული), „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება“ 1 მანდატს (პროპორციული) „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ 1 მანდატს (პროპორციული).

საქართველოს მასშტაბით, პროპორციული სიით, „ქართული ოცნება“ ლიდერობს. პარტიების შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 46.65 %, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 30.07%, „გახარია - საქართველოსთვის“ 7.79 %, „ლელო“ - 2.71 %, „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი - მეტი თავისუფლება“ 1.44 %, „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ -0.85 %.