მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტის სასესიო დარბაზი

პარლამენტმა, 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო.

77 მომხრე, ხოლო 23 წინააღმდეგი იყო.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომაზე კანონპროექტში ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც პროექტმა პირველი მოსმენის შემდეგ განიცადა.

კანონპროექტის განხილვის დასრულების შემდეგ, საკითხის მომხსენებელმა, ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა და ცვლილებების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„მსურს რამდენიმე სიტყვით მივმართო ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, ვინც ნაციონალურ მოძრაობაში არ არიან და ვისაც მიაჩნიათ, რომ ჰყავთ ამომრჩეველი, ვისაც მიაჩნიათ რომ აქვთ პოლიტიკური პარტია და ორიენტირი აქვთ ევროატლანტიკური სივრცისკენ. თქვენ თუ დღეს ამნისტიის კანონპროექტს არ დაუჭერთ მხარს კიდევ ერთხელ დაადასტურებთ, რომ ხართ ნაციონალური მოძრაობის ტყვეობაში, კიდევ ერთხელ დაადასტურებთ, რომ თქვენ არ ხართ ერთგული ევროპული შეთანხმების და ასევე დაადასტურებთ, რომ თქვენთვის სულ ერთი იყო შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერა“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ 20-21 ივნისის მოვლენებისას ბრალდებული და მსჯავრდებული ყველა პირი გათავისუფლდეს.