მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობა - შესაძლოა, ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო შეიქმნას

ანტიკორუფციული სააგენტო

საქართველოში შესაძლოა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანო - ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო შეიქმნას. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში დარეგისტრირდა, რომლის ინიციატორები დამოუკიდებელი დეპუტატები თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, ირინე ფრუიძე, ნინო გოგუაძე და დიმიტრი ცქიტიშვილი არიან.

როგორც ინიციატორები განმარტავენ, სააგენტოს საქმიანობა მთლიანად კონცენტრირდება საჯარო დაწესებულებებში კორუფციის აღმოფხვრაზე და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაზე, ანტიკორუფციული მიმართულებით საჯარო მოხელეებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე.

„სააგენტო აქტიურად იქნება ჩართული ქვეყანაში ანტიკორუფციული პოლიტიკის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში. დღეს ეს ფუნქციები გაფანტულია სხვადასხვა სტრუქტურაში, რაც კორუფციასთან ბრძოლის კოორდინაციას ართულებს და მას არაეფექტიანს ხდის“,- აცხადებენ ინიციატორები.

„ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, სააგენტოს თავმჯდომარეს 5 წლის ვადით აირჩევს პარლამენტი. თავმჯდომარეს ეყოლება პირველი და ორი მოადგილე. სააგენტო მისი საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს.

ანტიკორუფციული სააგენტოს უფლებამოსილებები

  • კანონპროექტით, სააგენტო უფლებამოსილი იქნება შეამოწმოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესრულება და გამოაქვეყნოს დასკვნები;
  • გამოავლინოს, გამოიძიოს და აღკვეთოს თავის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული დანაშაულები;
  • ქონებრივი დეკლარაციების შევსებისას პირებს გაუწიოს რეკომენდაცია;
  • შეამოწმოს დეკლარაციები და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები;
  • პირის თანამდებობასთან შეუთავსებლობის დადგენის შემთხვევაში, შესაბამის ორგანოს მისი გათავისუფლების რეკომენდაციით მიმართოს;
  • თვალყური ადევნოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსურ საქმიანობას;
  • დაიცვას კორუფციულ დანაშაულთა მამხილებლები;

ამასთან, სააგენტო უფლებამოსილი იქნება, სრული მოცულობით ჩაატაროს გამოძიება და განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა. მოიპოვოს, დაამუშაოს და გააანალიზოს ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, შექმნას საინფორმაციო სისტემები; საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს ტექნიკური აღჭურვილობა/საშუალებები ან/და სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ეკუთვნის სხვა სახელმწიფო ორგანოს, გარდა იმ უწყებისა, რომლის თანამშრომლის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე აწარმოებს გამოძიებას;

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეს, ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს გამომძიებელს (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ თანამშრომელს უფლება ექნებათ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოიყენონ ფიზიკური ძალა, სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი.

ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოსაძიებელ საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობას და
ზედამხედველობას, აგრეთვე სისხლისსამართლებრივ დევნას განახორციელებს და სახელმწიფო ბრალდებას მხარს დაუჭერს საქართველოს გენერალური პროკურატურა.

როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, იმ შემთხვევაში თუ გაიზრდება კანონპროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, მაგალითად, თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციის შევსებასთან ან პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ასეთი სახის სამართალდარღვევების შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება სანქცია.

ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს საშტატო ნუსხა დაახლოებით ასე ჩამოყალიბდება

  • ხელმძღვანელობა (ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები) – 3 საშტატო ერთეული;
  • დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტი - 10 საშტატო ერთეული;
  • პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტი - 10 საშტატო
    ერთეული;
  • საგამოძიებო დეპარტამენტი - 75 საშტატო ერთეული;
  • ადმინისტრაციული დეპარტამენტი - 13 საშტატო ერთეული;
  • იურიდიული დეპარტამენტი - 4 საშტატო ერთეული;
  • საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკის და სტრატეგიული
  • განვითარების დეპარტამენტი - 7 საშტატო ერთეული;
  • ეკონომიკური დეპარტამენტი - 5 საშტატო ერთეული;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი - 4 საშტატო ერთეული;
  • გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი) – 3 საშტატო ერთეული;
  • სულ - 130 საშტატო ერთეული

ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს ერთჯერადად გასაწევი და ყოველწლიური ხარჯები:

ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს თავისი ფუნქცია-მოვალეობის შესრულების უზრუნველსაყოფად ერთჯერადად გასაწევი ხარჯი იქნება დაახლოებით 2,130,000.00 ლარი;
ოპერირებისთვის საჭირო წლიური ჯამური ხარჯი - დაახლოებით 7,215,000.00 ლარი.