მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი ოპოზიციას: ამორალურად იქცევით, 20 ივნისს დაშავებულებს პოლიტიკურად იყენებთ

საქართველოს პრემიერი

20 ივნისის თემა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, თუმცა, საწყენია და ალბათ არ არის სწორი, როდესაც ამ თემით სპეკულირება ხდება“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე 20 ივნისის თემაზე ოპოზიციის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, 20 ივნისის თემა, საბოლოო ჯამში ფასდება, როგორც სამართალდამცავების მიერ პარლამენტის შტურმის აღკვეთად.

„რაც არ უნდა შეფასებები კეთდებოდეს - სუბიექტური, ობიექტური, მიკერძოებული და ა.შ. 20 ივნისის საბოლოო შეფასება იქნება ჩვენი მოქალაქეების შეფასება, რომლებიც, მერწმუნეთ, ამ ყველაფერს საბოლოო ჯამში შეაფასებენ, როგორც სამართალდამცავი სისტემის მიერ პარლამენტის შტურმის აღკვეთად. ამას შეიძლება დრო სჭირდება, მაგრამ ეს შეფასება დღესაც ასეა. თქვენ არ ნებდებით, თქვენი წარმოდგენები გაქვთ, მაგრამ საბოლოოდ ასე იქნება“,- მიმართა გიორგი გახარიამ ოპოზიციას.

პრემიერის შეფასებით, რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში მისვლა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომა უდიდესი პოლიტიკური შეცდომაა, დანაშაულიც.

„მაგრამ ამაზე პოლიტიკურმა ძალამ პასუხი აგო, პოლიტიკური ფასი გადაიხადა, თუ კიდევ რამე დარჩა გადასახდელი, აგერ არჩევანი იქნება და ჩვენი მოქალაქე მოსთხოვს. მაგრამ, როდესაც პოლიტიკოსები, ორგანიზებას თუ არ უწევდით, ახლა პირდაპირ ბრალდებას არ გავაკეთებ, მაგრამ გვერდით იდგნენ და უყურებდნენ, როცა ჩვენი მოქალაქეები ამ პროტესტის დროს, რომელიც მშვიდობიანის შემდეგ გახდა ძალადობრივი, ბატონი ბოკერია, რატიანი, მახსოვს მათი სახეები, არ მიუთითებდნენ იმაზე, რომ ეს არის დანაშაული, პოლიციელებზე თავდასხმა და პარლამენტში შეჭრა ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, ამას შესაბამისი ფასი ექნება.

ემოციები შეიძლება გქონდეთ, მარგამ საბოლოო ჯამში ეს იქნება შემთხვევა, როდესაც ქართველმა პოლიციამ შტურმით შეჭრა პარლამენტის შენობაში არ დაუშვა. ეს მისი მოვალეობა იყო. სამწუხაროა, რომ ადამიანები დაშავდნენ, უკიდურესად სამწუხაროა. თქვენ იცი რატომ არ წუხართ უფრო მეტად? იმიტომ, რომ თქვენ იმდენად ამორალურად იქცევით, რომ ამ ადამიანების ტრაგედიას პოლიტიკურად იყენებთ - მე არ ვიყენებ. მაკო გომურის სახელს თქვენ აქ დღეში 100-ჯერ რომ ასახელებთ, მე არ ვიყენებ. ეს არის მორალური სხვაობა თქვენსა და ჩემს შორის. ეს დაიმახსოვრეთ კარგად“,- მიმართა გიორგი გახარიამ საპარლამენტო ოპოზიციას.

2019 წლის 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა გაიმართა, რა დროსაც რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დაიკავა და სხდომა რუსულ ენაზე წაიყვანა.

ამას ოპოზიციისა და საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა. რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა.

ისინი აპროტესტებდნენ რუსული დელეგაციის ვიზიტსა და ოკუპაციას.

ოპოზიციასა და აქციის მონაწილეების ნაწილს პარლამენტის შენობაში შესვლის მცდელობა ჰქონდათ, ხელისუფლებამ კი მათ წინაააღმდეგ სპეცრაზმი გამოიყვანა და აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს. გამოიყენეს რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი. აქციის დარბევისას 240-მდე მოქალაქემ სხეულის დაზიანება მიიღო, ორმა აქტივისტმა კი, თვალი დაკარგა.