მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა შეიცვლება, თუ საპარლამენტო არჩევნები გადაიდება

არჩევნების პროცედურა

მმართველ გუნდში არ გამორიცხავენ, რომ პანდემიის გამო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ოქტომბრის ნაცვლად დეკმებერში ჩატარდეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით ეს დამოიკიდებულია ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. იმ შემთხვევაში თუ, ოქტომბერში მეორე ტალღა იქნება და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გახდება საჭირო, არჩევნების თარიღი გადაიწევს.

კონსტიტუციის თანახმად, არჩევნები საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან არაუადრეს 45 და არაუგვიანეს 60 დღისა ტარდება. პარლამენტს 4 წლის ვადით ირჩევენ.

რა შეიცვლება არჩევნების თარიღის გადაწევის შემთხვევაში და როდის დაკომპლექტდება მე-10 მოწვევის პარლამენტი? ამ თემასთან დაკავშირებით PIA.GE კონსტიტუციონალისტ ავთანდილ დემეტრაშვილს ესაუბრა.

მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ, ოქტომბერში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება და არჩევნების თარიღი დეკემბერში გადაიწევს, მე-10 მოწვევის პარლამენტი, მეორე ტურის გათვალისწინებით, თებერვლის დასაწყისში დაკომპლექტდება. შედეგად, მე-9 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადა გაიზრდება და იქნება 4 წელი და 4 თვე, შემდეგი, მე-11 მოწვევის პარლამენტის მუშაობის პერიოდი სრულიად 4 წელი არ გამოვა და იქნება 3 წელი და 8 თვე.

"რა ინფორმაციაც გავრცელდა, აპირებენ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას, ოქტომბრის ნაცვლად დააფიქსირებენ სხვა თარიღს. კონსტიტუციის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები ოქტომბრის ბოლო შაბათ დღეს ტარდება, ცვლილების შემთხვევაში ალბათ ამოიღებენ ამ თარიღს და პარლამენტი აირჩევა 4 წლით. თუ ცვლილება არ განხორციელდება, მაშინ მე-11 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადა 4 წელზე ნაკლები იქნება. თუმცა საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ მე ოფიციალური პირებისგან ზუსტი ინფორმაცია არ გამიგია.

უკვე დიდი ხანია საუბარი მიდის იმაზე, რამდენად მართებულია არჩვნების ზუსტი თარიღის დადგენა. სიტუაციები იცვლება, მითუმეტეს ახლა პანდემიაა. თუ სიტუაცია ასე გაგრძელდა, შეიძლება არჩევნები ვერც დეკემბერში ჩატარდეს, უნდა დაველოდოთ მოვლენებს", - აღნიშნა ავთანდილ დემეტრაშვილმა.

კონსტიტუციონალისტი ფიქრობს, რომ არჩევნების ჩატარების სავარაუდო თარიღად დეკემბრის დასახელება საზოგადოებრივი აზრის მოსინჯვა იყო და არა საბოლოო გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე რთულია საუბარი, ოქტომბერში როგორი ეპიდემიოლოგიური ვითარება იქნება და გამოცხადდება თუ არა საერთოდ საგანგებო მდგომარეობა.

"რამდენი ხანია ბოძაშვილი ამბობს, ელექტრონული არჩევნები ჩავატაროთ. არც ეს არის გამორიცხული, რომ ამაზე შეთანხმდნენ. აქ არის პოლიტიკური კლასის, როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის ეგოისტური ინტერესები. როგორც მმართველი გუნდი, ასევე ოპოზიცია ცდილობს, თავის ეგოისტურ პოლიტიკურ ინტერესს მოარგონ არჩევნების თარიღი.

ვერ გეტყვით, რომელს უნდა აწყობდეს ეს. მე ჯერ არ ვიცი პოლიტიკური ლანდშაფტი როგორია, პოლიტიკური ძალთა კონფიგურაცია, თანაფარდობა. ისე, ზოგადად რომ ვთქვათ, უფრო მეტი ინტერესი ამაში, რა თქმა უნდა, აქვს მსხვილ პარტიებს, როგორიცაა მმართველი პარტია და "ნაციონალური მოძრაობა". ოპოზიციაში რაღაც პროცესები მიდის, შეიძლება ამის გამო ისინიც იყვნენ დაინტერესებული", - აღნიშნა ავთანდილ დემეტრაშვილმა PIA.GE-სთან საუბრისას.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოდელთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის განხილვა პარლამენტში მიმდინარე კვირას დაიწყება.

პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. 120/30-ზე მოდელი გულისხმობს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი 30 იქნება.