მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რის მიხედვით ვასუბსიდირებთ კახეთში ყურძენს და არა აჭარაში მანდარინს ან სამეგრელოში თხილს?“ - იაგო ხვიჩია

გირჩია წევრი

„რის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება რომ ვაზი დავასუბსიდიროთ? მაგალითად, სადაც ეგ გადაწყვეტილება მიიღება, აჭარაში მანდარინს რატომ არ ვასუბსიდირებთ, იქაც ხომ არის პრობლემები? სამეგრელოში თხილს რატომ არ ვასუბსიდირებთ, ახალციხეში - კარტოფილს და ა.შ.?“, - აღნიშნული კითხვა დაუსვა პარტია „გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს პლენარულ სხდომაზე, სადაც 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების საკითხს განიხილავენ.

მისი თქმით, ნებისმიერი მიმართულებით სუბსიდირება არასწორი ნაბიჯია.

„დავიჯერო, რომ კახელი გლეხი უფრო ღარიბია, ვიდრე ახალციხელი, მეგრელი ან გურული? შესაბამისად ისინი უნდა დავასუბსიდიროთ იქ, ღვინის კეთება რატომ უნდა დავასუბსიდიროთ და სხვა რამ არა? სად მიიღება ეს გადაწყვეტილებები?

იცით, რომ ჩვენ ზოგადად არაფრის სუბსიდირებას არ ვემხრობით, მაგრამ თუ სიტყვაზე კახეთში ყურძენს ვასუბსიდირებთ, სამეგრელომ რა დააშავა, ან გურიამ, ან აჭარამ, ან საქართველოს სხვა კუთხემ.

აღნიშნული კითხვის საპასუხოდ, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ 2017 წლიდან შემცირდა რთველის დაფინანსება, ხოლო 2019 წელს ყურძენი საერთოდ არ დასუბსიდირებულა, თუმცა 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო, ღვინისა და ყურძნის ფასი განახევრდა.

„მოგეხსენებათ, რომ ეს პროდუქტი არის ტურიზმთან ძალიან დიდი კავშირში და როცა შემცირდა ტურისტული შემოსავლები ამან გამოიწვია ღვინისა და ყურძნის ფასის მკვეთრი შემცირება, რასაც ვერ ვიტყვით კარტოფილსა და თხილზე. რიგ პერიოდებში თხილზე ფასიც კი გაიზარდა.

გეთანხმებით, რომ სუბსიდირება არ არის სწორი პოზიცია, თუმცა შექმნილი ვითარებიდან ამის გაკეთება მოგვიწია. ვეცდებით, რომ მომავალ წელს შევამციროთ ამ მიმართულებით გაღებული თანხები, შემდეგ კი საერთოდ გამოვიდეთ ამ პროგრამიდან“, - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე 2021 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ.