მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„როგორც პრემიერ-მინისტრი არ ვწყვეტ სააკაშვილს დააკავებდნენ თუ არა“ - ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Pia.ge

საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებულ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ მისი კომენტარი არასწორად გაიგეს.

„ვურჩევდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი განცხადება არასწორად გაიგო, კიდევ ერთხელ მოუსმინონ ჩემს განცხადებას და არასწორი ინტერპრეტაციები არ უნდა გააკეთონ. მე ჩემს პოლიტიკურ შეფასებას ვაკეთებდი, ეს ერთი, მეორე - ჟურნალისტი მეკითხებოდა, რომ სააკაშვილი კვლავაც მოუწოდებს, წავიკითხე დაუმორჩილებლობისა და გადატრიალების მსგავსი მოწოდება ჰქონდა გაკეთებული პატიმარ სააკაშვილს და მხოლოდ ამაზე საპასუხოდ, ბუნებრივია, ნახევრად ირონიულად ვუპასუხე.

ეს ცხადია, ყველამ იცის, დამწყებმა იურისტმაც კი, რომ თუ პატიმარი ახალ დანაშაულს ჩაიდენს, მათ შორის, საპატიმროში, კანონი ითვალისწინებს ამას და მას ბუნებრივია, სხვა მუხლები და სხვა სასჯელი დაემატება. ეს განმარტებისთვის. ამას მე არ ვწყვეტ, როგორც პრემიერ-მინისტრი, სააკაშვილს დააკავებდნენ თუ არ დააკავებდნენ, სააკაშვილი არის მსჯავრდებული.

იგი იყო ბრალდებული და არის ბრალდებული სხვა საქმეებზეც და მათ შორის, მსჯავრდებული იყო ორ საქმეზე - გირგვლიანის საქმე და ახლა მიმდინარეობს იმედის საქმე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური იყო ჩვენს ქვეყანაში. ასევე, ის ვალერი გელაშვილის საქმეზე არის გასამართლებული და მსჯავრდებულია.

აქედან გამომდინარე, ჩემი გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის, ვის რა მუხლი დაემატება. მე უბრალოდ, განმარტება გავაკეთე. თუ ნებისმიერი მსჯავრდებული, პატიმარი, მათ შორის, სააკაშვილი თუ დამატებით ახალ დანაშაულს ჩაიდენს, ბუნებრივია, მას ახალი სასჯელი დაემატებოდა. ეს იყო თეორიული საუბარი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერმა პირველ ოქტომბერს ბიძინობის დღესთან დაკავშირებულ განცხადებაზეც გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ ეს ქართველი წმინდანის ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღეა.

„საერთოდ იმდენად მდარე ხარისხის განცხადებები მოვისმინე ოპოზიციის მხრიდან, რომ უხერხულიც კი არის განმარტების გაკეთება, მაგრამ მაინც ოპონენტებს შევახსენებ. პირველი ოქტომბერი ეს არის ქართველი წმინდანის ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღე. ბიძინობა ეს არის ყველასთვის ცნობილი დღე. სწორედ აქედან გამომდინარე ვახსენე აღნიშნული თარიღი და ბიძინობა“, - დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში, რომელიც მან 4 ოქტომბერს გაავრცელა, აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

9 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

10 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.