მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილის ჯანმრთელობა სულ უფრო სახიფათო ხდება - ადვოკატები

სააკაშვილის ჯანმრთელობა სულ უფრო სახიფათო ხდება

სააკაშვილის ადვოკატები ბექა ბასილაია და დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა, რადგან გარკვეული ცვლილებები მას უკვე ვიზუალურადაც ემჩნევა.

„მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს და ამის უარყოფითი შედეგები უფრო და უფრო ნათელი ხდება. მათ შორის, გამოსაყოფია საერთო სისუსტე, სიფერმკრთალე და საერთო სისუსტიდან გამომდინარე, პრობლემები გადაადგილებასთან დაკავშირებით. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, მორალურად არის ძალიან მხნედ და მტკიცედ“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, ასევე, ისაუბრა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

„მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა უკვე გასცდა 2 კვირას. შესაბამისად ყოველი დღე მისი ჯანმრთელობისთვის სულ უფრო სახიფათო ხდება. გუშინ ექიმმა მოინახულა, იმედია კვლავ მიეცემა მისი მონახულების შესაძლებლობა და ჩვენ უკვე დავეყრდნობით ექიმების განცხადებებს. ვიზუალური თვალსაზრისით როდესაც მას ვხვდებით, ბუნებრივია, შიმშილობის ნეგატიური ეფექტები უკვე აღქმადია. მისი ბრძოლა არის პრინციპული და ძალიან მკაფიო“, - აცხადებს ბექა ბასილაია.

მიხეილ სააკაშვილი პროტესტის ნიშნად მე-16 დღეა, შიმშილობს.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში, რომელიც მან 4 ოქტომბერს გაავრცელა, აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

9 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

10 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „არ მაქვს შურისძიების გრძნობა ციხეში მყოფი მოშიმშილე სააკაშვილის მიმართ“ - ბესელია

🔴 ეს არის ფარსი, მიშა და შენდა სამწუხაროდ, ფარსია შენი ბუნებრივი მდგომარეობა - გიორგი გამსახურდია მიხეილ სააკაშვილს

🔴 „მიშა სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი და არის იქ, სადაც უნდა იყოს“ - გახარია

🔴 „გადაიყვანენ საავადმყოფოში და ამით დამთავრდება ყველაფერი“ - საყვარელიძე სააკაშვილის ჯანმრთელობაზე