მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საერთოდ რამეს როგორ გვიშლით კორონა არგუმენტით?“ - იაგო ხვიჩია

გირჩის წევრი 2020

პარტია „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია თბილისის ცენტრში პოლიტიკური პარტიების მიერ მრავალათასიანი აქციების გამართვას სოციალური ქსელით ეხმაურება.

მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, როცა ქვეყანაში უამრავი ძალიან მკაცრი შეზღუდვა მოქმედებდა და ნაწილი დღესაც მოქმედებს, ამგვარი თავყრილობების გამართვა, მით უმეტეს აუცილებლობის გარეშე, სრულიად გაუმართლებელია.

„სულ ცოტა ხნის წინ: კორონააო, აეროპორტიდან ხალხს ხსნიდნენ და ციხედ გადაკეთებულ სასტუმროებში მიჰყავდათ. სახლში დარჩითო გაიძახოდნენ და ვინც სამსახურში ივლით მკვლელები ხართო. ქუჩაშიც პირბადით იარეთო, ვერ ხედავთ რა ხდება იტალიაშიო. 9-ის მერე საერთოდ არ იაროთო, სახლში იჯექითო.

ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო თამაში დავხურეთ, კორონაა და ხალხზე ვზრუნავთო.
(საქართველოს ნაკრებს არავისთან არაფერზე არ შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია, მაგრამ ყველას გულის სიღრმეში გვეცოდინება, რომ ჩვენმა სახელმწიფომ, საკუთარი მოედნის ნაჩუქარი უპირატესობა საკუთარ ნაკრებს გაუნიავა).
გზებს ვრეცხავდით, თან ვამაყობდით.

დღესაც კი, 11 საათის მერე გარეთ არ ჭამოთო გვეუბნებიან, მისვლა მოსვლა არ გქონდეთო. ხალხი არ აზიაროთო ეკლესიას ეუბნებოდნენ და თავად კრამიტით ალავერდს გადადიოდნენ სუფრაზე. ეს და უამრავი ასეთი ბოდვა, როგორც ნაცების ისე ქოცების ერთობლივი, ე.წ. ბიპარტიული შეთანხმებით „პრავდებოდა“.

ახლა კი: ერთმა 50 ათასკაციანი მიტინგი მოაწყო, სადაც ერთად მოაგროვა პენსიონერები და ათას ღობე ყორე მოდებულ პოლიტიკოსებს ჩაახუტა. (არაფერს ვიტყვი ბატონ გიგი უგულავას ქეისზე).

დღეს კი მეორე მიტინგია, რომლის გაცხადებული მიზანია, რომ წინაზე ბევრად დიდი იყოს და ბევრად მეტი რისკჯგუფში მყოფი ადამიანი ჩაახუტოს ერთმანეთს.

თუ იმ რწმენით არ მოძრაობ, რომ კორონა საერთოდ არ არსებობს და ეს ყველაფერი ბილ გეიტსის და მისი საძმაკაცოს მიერ ხალხის მასობრივად დასაჩიპად არის მოგონილი, როგორ შეიძლება ამას შენით აორგანიზებდე და თან სიამაყით.

ისე რომ არაფერში არ გჭირდება, არანაირი აუცილებლობა, არანაირი მიზანი და სათქმელი არ გაქვს, გარდა იმისა, რომ მოსულები დაითვალო. ითვლი და შლი.

(დათვლაც დროზეა მოსასწრები, თორემ ხელში შემოგეშლება თავისითაც). ამ ყველაფერში, ფულს იხდი. ღატაკი ქვეყნის მოსახლეობას ფულს უხდი იმაში, რომ სიცოცხლით გარისკოს, შენ კი მხოლოდ უნდა დათვალო, ამით ერთობი, სხვას არაფერს არ აქვს, არც მნიშვნელობა და არც მიზანი.

როცა თავად ასე ღიად და დაუფარავად ეროვნული მასშტაბის „კალმარის თამაშების” მოწყობით ერთობით 11-ის მერე რესტორანში ჭამას ჩვენ რა ნამუსით გვიშლით? ან საერთოდ რამეს როგორ გვიშლით კორონა არგუმენტით? შეზღუდვები მაინც მოხსენით თქვე ჩათლახებო!“, - წერს იაგო ხვიჩია.

შეგახსენებთ, რომ 14 ოქტომბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისში, თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხალხმრავალი აქცია გამართა.

ასევე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 23 ოქტომბერს აქცია გამართა ბათუმში, რომელზეც ამომრჩეველს მეორე ტურში არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს.

27 ოქტომბერს კი, თბილისში მმართველმა გუნდმა „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი მასშტაბური შეკრება მოაწყო.