მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საჯაროდ მივმართავთ რუსეთის პრეზიდენტს, რათა კვლავ განიმუხტოს დაძაბულობა“ - ირმა ინაშვილი

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან მოურავმა, ასევე, ამ პარტიის სხვა წევრებმა, რუსეთის პრეზიდენტს ღია წერილით მიმართეს. წერილი 2 აგვისტოს ირმა ინაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ხელმომწერების სიასთან ერთად.

„თქვენო აღმატებულებავ ბატონო პრეზიდენტო!

გთხოვთ მიიღოთ, ბატონო პრეზიდენტო, ჩვენი უდიდესი პატივისცემის გარანტიები და ნება მომეცით გაგიზიაროთ ჩვენი შეშფოთება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მუდმივი გაუარესების გამო და გაცნობოთ, რომ ჩვენ დარწმუნებულნი ვართ საქართველოსა და რუსეთს შორის ჭეშმარიტად გულწრფელი და მეგობრული ურთიერთობების დამყარების მომხრეებად. ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე.“ - მსგავსი ტიპის მიმართვით იწყება „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების ტექსტი.

„ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსაც კი ესმით, რომ ბიძინა ივანიშვილი და ზოგადად, „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის ნებას დიდი ხანია არაფრად აგდებს.

ვფიქრობ, ასევე, ყველას ესმის, რომ დღევანდელი ქართული პოლიტიკა ორი მსახიობის თეატრს დაემსგავსა და ეს მსახიობები არიან „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ისინი ერთმანეთს უსასრულოდ ურიგდებიან, ერთმანეთს უსასრულოდ ატყუებენ, ქვეყანას ანგრევენ და ჩვენს სახელმწიფოებრიობას ნელ-ნელა ანადგურებენ.
და ვფიქრობ, დღეს უკვე ყველასათვის ნათელია, რომ ამ თეატრის რეჟისორი სწორედაც რომ ამერიკის შეერთებული შტატებია!

ვფიქრობ, ასევე, ყველასათვის ნათელია, რომ საქართველოში ნატოს უსასრულო წვრთნები რუსეთის გამოწვევაა და სხვა არაფერი. ეს რომ გამოწვევაა, ამას ღიად აცხადებენ რუსეთის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები და ეს განცხადებები კვლავ მოვისმინეთ გასული კვირის განმავლობაში.

კერძოდ, სამხრეთის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალმა ალექსანდრე დვორნიკოვმა განაცხადა, რომ შავ ზღვაში ნატოს სამხედრო-საზღვაო ძალების უწყვეტი წვრთნები მუდმივი კონტროლის ქვეშაა და რომ არამეგობარი სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების მხრიდან ყველა პროვოკაციულ მცდელობას გაეცემა მკაცრი პასუხი.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ნატო თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურით უკვე შეხებაშია რუსეთის საზღვრებთან და ეს ავალდებულებს რუსეთს, მიიღოს უსაფრთხოების ზომები. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა, რომ მოსკოვი აკვირდება ნატოს წვრთნებს საქართველოში და საკუთარი ინტერესების უზრუნველსაყოფად მიიღებს სამხედრო-ტექნიკურ და სხვა აუცილებელ ზომებს. ანალოგიური განცხადებები გაკეთდა სოხუმსა და ცხინვალში.

ამგვარად, რუსეთი ღიად აცხადებს, რომ საქართველოში ნატოს წვრთნების საპასუხოდ სამხედრო-ტექნიკურ ზომებს მიიღებს. ეს კი, სავარაუდოდ ნიშნავს, რომ უშუალოდ ჩვენს სიახლოვეს განათავსებს ახალ სარაკეტო დანადგარებს, ახალ თვითმფრინავებს, დამატებით სამხედრო ტექნიკასა და საჯარისო ნაწილებს და ყოველივე ამისი მიზეზი ორი მსახიობის თეატრია: „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის თეატრია! რამდენიმე დღის წინ, სრულიად უპასუხისმგებლო ადამიანი და არჩევნების გამყალბებელი ირაკლი კობახიძე გვარწმუნებდა, რომ პასუხისმგებლობითაა აღვსილი, რაც ტყუილია!

სწორედ უპასუხისმგებლო „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი დაძაბულობის ჩასაქრობად მე და ჩემი მეგობრები ვხვდებოდით რუს დეპუტატებსა და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს. შესაძლოა, ვინმეს ეს დაუჯერებლად მოეჩვენოს, მაგრამ ამ შეხვედრებმა არაერთხელ განმუხტა დაძაბული ვითარება და მე არ ვიცი, შესაძლოა, ომსაც კი გადაგვარჩინა. „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს შეხვედრები და ეს დიალოგი გაჩერებულიყო და გაყინულიყო.

დღეს, ვგრძნობთ რა პასუხისმგებლობას, განსხვავებით გამყალბებელი კობახიძისგან, ვგრძნობთ რა პასუხისმგებლობას, განსხვავებით ერთმანეთთან შერწყმული „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობისაგან, საჯაროდ მივმართავთ რუსეთის პრეზიდენტს, რათა კვლავ განიმუხტოს დაძაბულობა, აღდგეს დიალოგი ყველა დონეზე, განახლდეს კულტურულ-სოციალური ურთიერთობა და რაც მნიშვნელოვანია, ორმხრივად გაიხსნას საინფორმაციო სივრცე, რათა ბოლოს და ბოლოს გამოვნახოთ საერთო ენა!“ - წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის Agile Spirit 2021 საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის ორგანიზებით იმართება, რომელსაც დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია ხელმძღვანელობს.