მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამწუხაროდ, დმანისში პროვოკაცია ვერ ავიცილეთ თავიდან - „ნაცმოძრაობა“ ამ 10 დღეში გავა ყველა ადამიანური და მორალური საზღვრის მიღმა, მოთმენა რთულია, მაგრამ ეს ჩვენი ვალდებულებაა - შალვა პაპუაშვილი

„ქართული ოცნების“ წევრი შალვა პაპუაშვილი Pia.ge

„ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს. ყველა დამნაშავე კანონის შესაბამისად დაისჯება“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი 21 სექტემბერს დმანისის რაიონის სოფელ განთიადში მომხდარ ინციდენტს, რომლის თანახმად წინასაარჩევნო შეხვედრის დროს ოპოზიციის ორი აქტივისტი დაჭრეს.

პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“, ნაცვლად საარჩევნო კამპანიის წარმოებისა, ისევე როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ცდილობს არეულობის გამოწვევას.

მისივე თქმით, ამ მიზნით, ბოლო დღეებია, მიზანმიმართულად მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების პროვოცირება.

„ჩვენ შევძელით ხელვაჩაურში ორი ასეთი პროვოკაციის თავიდან აცილება, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მიიჭრა ჩვენი კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე და ცდილობდა ამ შეხვედრის ჩაშლა. სამწუხაროდ, გუშინ დმანისში მომხდარი პროვოკაცია ვერ ავიცილეთ თავიდან. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს. არჩევნებამდე დარჩა 10 დღე. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ 10 დღის განმავლობაში გავა ყველა ადამიანური და მორალური საზღვრების მიღმა. მოთმენა არის რთული, მაგრამ ეს არის ჩვენი ვალდებულება ჩვენი ხალხის და ქვეყნის წინაშე. 2 ოქტომბერს ეს ყველაფერი ჩვენი და ჩვენი ქვეყნის გამარჯვებით დასრულდება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისის მუნიციპალიტეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილი დავით დაუთაშვილი დააკავა.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, დანის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს.