მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შალვა პაპუაშვილი გიორგი გახარიაზე - მისი სამივე საჯარო გამოჩენა არაფრის მთქმელი საუბრები იყო - წყალი, გარსი შინაარსის გარეშე

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი გიორგი გახარია Pia.ge

„არაფრის მთქმელი საუბრები - წყალი, გარსი შინაარსის გარეშე - ასე აფასებს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ექსპრემიერ გიორგი გახარიას საჯარო გამოჩენას. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„თუ დააკვირდებით მის სამ საჯარო გამოჩენას, საბოლოო ჯამში არაფრის მთქმელი საუბრები - წყალი, გარსი შინაარსის გარეშე. საუბარი ერთის მხრივ კრიტიკაზე, მაგრამ არა კრიტიკაზე და რაღაცნაირად ამორფული პოლიტიკური პოზიცია, რომელიც საერთოდ გაუგებარს ხდის ან წასვლა რა იყო ან მოსვლა. აქედან გამომდინარე, ვერ იხსნება ვერანაირად და ამძაფრებს ეჭვებს, რა არის ამ პოლიტიკური გუნდის მიზანი, რაიმე დამოუკიდებელი პოლიტიკური მიზანი აქვს, თუ მიზანი არის „ქართული ოცნების“ ხმებზე პარაზიტობა და ამით მცდელობა, რომ ჩამოწიოს „ქართული ოცნების“ შედეგი 43 პროცენტს ქვემოთ“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, არჩეული ტაქტიკის მიზანი „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის დეზორიენტაციაა.

„ტაქტიკა, რომელიც არჩეული აქვთ, ამ მინდორზე გარკვეულწილად შეეცადოს ხმების მოპოვება, მათ შორის ეს პოზიციონირება, წყალი, საუბარი ზედმეტი კრიტიკის გარეშე, არავის წინააღმდეგ არ ვართ, ეს ყველაფერი მიმართული იქითკენ, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის დეზორიენტაცია მოახდინოს და გარკვეულწილად იპარაზიტოს. რამდენად ექნება ამის შესაძლებლობა და შედეგი, მეორე საკითხია, მაგრამ მცდელობა არის. ჩვენ ვართ პარტია, რომელსაც ყველაზე მრავალრიცხოვანი მხარდამჭერი ჰყავს. სწორედ ამას ემსახურებოდა ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ არ შეიძლება ტყუილად სხვისი სახელის გამოყენება,“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, გახარიას უკან იდგა „ქართული ოცნების“ გუნდი.

„ამ გუნდის ეგიდით ის, თუ არ ვცდები, რვა წელი სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე იყო. ეს გუნდი იყო მისი გამაძლიერებელი. მისი საუბრების უკან ხომ იყო მთავრობა, პარლამენტი, იყო პროგრამები, იყო გარკვეული საქმიანობა, რომელიც იყო ის ძირითადი საქმე, რაზედაც გვაქვს საუბარი. ახლა რომ შევხედავთ, თითქოს ის კვლავ პრემიერ მინისტრია, არც შეცვლილა არაფერი მის რიტორიკაში, ეს გარსი შენარჩუნებულია, მაგრამ აღარ არის ის შიგთავსი, რომელიც აქამდე იყო. შიგთავსი, რომ არის „ქართული ოცნება“, არის ხელისუფლება, მიმდინარე პროგრამები, რომელსაც ახორციელებს პარტია. არის ეს გარსი, არის გონორი და რიტორიკა, მაგრამ აღარ არის შიგთავსი,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.