მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შეთანხმებას აღარ დავუბრუნდებით - მეტიც, ასეთი ტიპის შეთანხმებას აღარასდროს მოვაწერთ ხელს, როგორი ხელოვნური კრიზისიც არ უნდა შექმნას ოპოზიციამ - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე Pia.ge

„გამორიცხულია მმართველმა გუნდმა შარლ მიშელის შეთანხმების მსგავს დოკუმენტს ხელი მომავალში მოაწეროს, რაც არ უნდა პოლიტიკური კრიზისი შეიქმნას ქვეყანაში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მმართველმა გუნდსა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე აღნიშნულ საკითხზე ისაუბრეს:

„ჩვენ გვქონდა პრეზიდენტთან საუბარი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. მას აინტერესებდა ჩვენი პოზიცია და ეს გავაცანით. რაც შეეხება ამ შეთანხმებას, ამასთან დაკავშირებით, მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ამ შეთანხმებას აღარ დავუბრუნდებით. არათუ ამ შეთანხმებას არ დავუბრუნდებით, გამორიცხულია, რომ მომავალში კიდევ ერთი მსგავსი ტიპის შეთანხმებას მოვაწეროთ ხელი, როგორი ხელოვნური კრიზისიც არ უნდა შექმნას რადიკალურმა ოპოზიციამ. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველაფერი გულისხმობს თუნდაც დროებით, მაგრამ კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლას. ჩვენ ქვეყანას უნდა გავუფრთხილდეთ და არცერთ შემთხვევაში აღარ უნდა დავუშვათ ის, რომ ქვეყანა თუნდაც დროებით გავიდეს კონსტიტუციური ჩარჩოდან“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა პრეზიდენტს მმართველი გუნდის წევრების გადარწმუნების მცდელობა, კობახიძემ უპასუხა:

„პრეზიდენტთან დახურული საუბრის დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. მას აინტერესებდა ჩვენი მოსაზრებები პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით“.

რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებება და საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადებას, რომ მხარეები უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს, კობახიძე ამბობს, რომ დოკუმენტის ფარგლებში დაბრუნება გამორიცხულია.

„ჩვენ არ მოგვისმენია მოწოდებები 100 დღის მანძილზე რადიკალური ოპოზიციის მიმართ. თქვენ იცით, რომ 4 პოლიტიკური პარტია არ აწერდა ხელს ამ დოკუმენტს. გარდა ამისა, ოპოზიციური დეპუტატების ნახევარზე მეტს არ ჰქონდათ ხელი მოწერილი ამ დოკუმენტზე. მეტი აქტიურობა რომ ყოფილიყო, მაშინ შეიძლება მოეწერა ხელი ამ დოკუმენტზე. თუმცა, ახლა ყველაფერი ძალიან დაგვიანებულია. ბავშვები არ ვართ და მკაფიოდ განვაცხადეთ - ეს შეთანხმება ანულირებულია! ჩვენ პრინციპული გადაწყვეტილება მივიღეთ. ამ გადაწყვეტილებას არ გადავხედავთ, ვერ გადავხედავთ, უპრინციპობას ჩვენ ვერ გვაპატიებს ჩვენი ამომრჩეველი და საქართველოს მოსახლეობა. შეთანხმება ანულირებულია და უფრო მეტიც, ასეთი ტიპის შეთანხმებას ჩვენ აღარასდროს მოვაწერთ ხელს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.