პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი შუქრუთელების პროტესტს გამოეხმაურა, რომლებმაც გამოაცხადეს, რომ საელჩოსთან აგრძელებენ შიმშილობას და დღეიდან წყლის მიღებაზე უარს აცხადებენ.
როგორც ელისაშვილმა PIA.GE-სთან საუბარში განაცხადა, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, მომავალ კვირაში სესიაზე ისაუბრებენ.
„ეს საკითხი დაისვა პარლამენტში, როგორ უნდა გადაიჭრას მათი პრობლემები. ზუსტად არ ვიცი, მზა რეცეპტი არ მაქვს მათი პრობლემების მოგვარების. მაგრამ ჩვენ ყოველ შემთხვევაში, ამაზე ხმამაღლა დავიწყებთ ლაპარაკს და „ქართულ ოცნებას“ იქნება თუ მთავრობას ვეტყვით, რომ მათ დაელაპარაკონ.
მთავარია, რომ ამ ხალხს მოუსმინოს ვინმემ და იფიქრონ გამოსავალზე. იქით კვირაში იქნება ამ საკითხზე მსჯელობა, სამშაბათს სესიაა და იქ დავსვამთ ამ საკითხს“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში პროტესტი ხანგრძლივად მიმდინარეობდა და ამჟამად ისინი პროტესტს თბილისში, ამერიკის საელჩოსთან აგრძელებენ, დღეიდან კი მშრალ შიმშილობაზე გადავიდნენ და სასმელი წყლის მიღებაზე უარს აცხადებენ.
სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ მიყენებულ ზარალს აპროტესტებენ.
მათი განცხადებით, პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართეს, რაც კომპანიის მუშაობით მათი საცხოვრებელი სახლები დაზიანდა და ცხოვრება მუდმივი საფრთხის ქვეშ უწევთ.
იხილეთ აგრეთვე: