მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თალაკვაძე: "ნაცმოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ" საარჩევნო მოდელზე ცვლილებას მხარი რომ არ დაუჭირონ, პროექტი მაინც გავა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, 2020

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ახალ საარჩევნო მოდელზე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის პარლამენტში განხილვა 19 ივნისიდან დაიწყება.

მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პროექტს "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" მხარს არ დაუჭერენ, ის მაინც გავა მესამე მოსმენით.

"იმედი მაქვს, საკონსტიტუციო ცვლილებებს ექნება მხარდაჭერა, როგორც ამაზე შევთანხმდით. დღევანდელი მოცემულობით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" არ დაუჭერენ მხარს ამ ცვლილებებს, პროექტი მაინც გადის, თუმცა მოდით, ნუ გავუსწრებთ წინ მოვლენებს, ვინაიდან მნიშვნელოვანია ჩვენ ვთქვათ მთავარი სიტყვა, როდესაც კენჭისყრა დასრულდება. ჩვენ ჩვენის მხრივ მაქსიმალურ მხარდაჭერას გამოვხატავთ და რა თქმა უნდა მოველით, რომ ეს ცვლილებები დამტკიცდება", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩვნები დემოკრატიულ, თავისუფალ და გამჭვირვალე პირობებში ჩატარდება.

"საქართველო აგრძელებს დემოკრატიის გაძლიერებას. ამომრჩევლებს ვპირდებით, რომ ქვეყანა გააგრძელებს მშვიდ, სტაბილურ განვითარებას და არავის მივცემთ საშუალებას, რაიმე მიზეზი გამოიყენოს დესტაბილიზაციისთვის, ეს გამორციხულია. არჩევნების გარდა სხვა მეთოდი, სხვა საშუალება დღეს ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს, რითაც მოქალაქეებს შეუძლიათ ცვლილება, აირჩიონ მათთვის სასურველი პირები და სასურველი ხელისუფლება. ჩვენ მზად ვართ მომავალზე პასუხისმგებლობა ავიღოთ, როდესაც ქვეყანას წინ აქვს ეკონომიკური გამოწვევები, პოსტკრიზისული პერიოდი. დიდი გამოწვევები წინ გვაქვს და მზად ვართ, ოპოზიციასთან თანამშრომლობით ეს საკითხები მომავალშიც გადავჭრათ, გვაქვს ამის კონკრეტული ხედვა", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერში კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის დროს.

საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. 120/30-ზე მოდელი გულისხმობს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი, 30 იქნება.

2020 წლის საპარლამენტო არჩვნები კი, 31 ოქტომბერს გაიმართება.