მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თალაკვაძე: რუსეთი საქართველოს მომავალს ვერ შექმნის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, 2020

"ეს განცხადებები, რბილი ძალის გამოყენება და პროვოკაციები არის საოკუპაციო პოლიტიკის ნაწილი. რუსეთს მარტო ლუგარში კი არ უნდა შესვლა, მას უნდა შესვლა ყველაფერში, რაზეც საქართველოს წარმატებები დგას და დღეს, ეს ყველაზე მეტად დგას ჯანდაცვის სისტემაზე და ლუგარი არის საქართველოს ჯანდაცვის ნაწილი", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, რუსეთს საქართველოს ევროატლანტიკურ დღის წესრიგში შესვლა და მის დემოკრატიაში ჩარევა სურს.

"რუსეთი რეალურად მარტო ლუგარის ლაბორატორიას კი არ ესხმის თავს და მარტო ლუგარში კი არ უნდა შესვლა, რუსეთს უნდა შესვლა საქართველოს ევროატლანტიკურ დღის წესრიგში, უნდა შესვლა და ჩარევა საქართველოს დემოკრატიაში, რუსეთს უნდა შესვლა საქართველოს ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებაში - ოკუპირებული აქვს ორი რეგიონი და ამით ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას. რუსეთს უნდოდა და მომავალშიც მოუნდება ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებზეც და ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ პრორუსულმა ძალებმა არ ისარგებლონ იმ დესტრუქციით, რასაც ეგრეთწოდებული “პროდასავლური ოპოზიცია” აკეთებს დღეს", - აღნიშნა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ლუგარის ლაბორატორია იყო კოვიდის წინააღმდეგ წარმატების შემქმნელი ერთ-ერთი მნიშნელოვანი რგოლი და ლუგარის ლაბორატორიაზე შეტევა რუსეთის მხრიდან, პირდაპირ უდრის რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას.

"მინდა დაგარწმუნოთ, რუსეთი საქართველოს მომავალს ვერ შექმნის, ჩვენს მომავავალს ვქმნით ჩვენ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, საქართველო გააგრძელებს თავისი დემოკრატიის გაძლიერებას, საქართველო გააგრძელებს თავისი ინსტიტუტების გაძლიერებას. ჩვენ შევეცდებით, რომ განვითარების მშვიდობიანი გზით მოვაგვაროთ კონფლიქტები, აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა. საქართველო აუცილებლად გაწევრიანდება ევროკავშირსა და ნატოში - ეს დროის საკითხია", - აღნიშნა თალაკვაძემ "იმედის" ეთერში.