მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თუ შიშზე ლაპარაკობენ, ხვალ დილით ისევ უნდა მოვიდნენ და აქ არ დავხვდებით? აგონიაში არიან - მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“

რასაც თქვენ აკეთებთ,  ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ ისევ შევიდეთ უსაგნო დისკუსიაში

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებებს გამოეხმაურა, რომლის თანახმად პლენარული სხდომა ნიკა მელიას მოსალოდნელი განცხადების გამო დაასრულეს.

მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოუწოდა, საკუთარ თავში იპოვონ ძალა, რომ რეალურ საკითხებზე და პრობლემებზე ისაუბრონ, რაც მართლა აწუხებს ხალხს.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი დესტრუქციულია.

„ჩვენ ვერ დაგვესიზმრებოდა ნიკა მელია რა განცხადების გაკეთებას აპირებდა. პოლიტიკური განცხადებები თუ უნდოდათ, პოლიტიკური განცხადება იწყება სამშაბათს 12:00 საათზე და გრძელდება სამი საათის განმავლობაში - ახლა მაინც ისწავლიან. დღის წესრიგი აქვს პარლამენტს. ხვალ კენჭისყრები უნდა ჩატარდეს იმ საკითხებზე, რომელიც განხილული იქნა დღეს. თუ შიშზე ლაპარაკობენ, ხვალ დილით უნდა მოვიდნენ ისევ და არ დავხვდებით აქ? აგონიაში არიან. 50 ადამიანი იყო გარეთ შეკრებილი მათ დასახვედრად და ამის შიშით 6 საათი ვერ შემოდიოდნენ პარლამენტში.

ყველაფერი პიარკუთხითაა მათ ტვინში მოხარშული - ახლა რა ვთქვათ, ჩვენ საღამოს შემოვედით, დაღამდა ამასობაში და რადგან სხდომა დამთავრდა, მოდი ვთქვათ, რომ შეეშინდათ და გაიქცნენო. ამ პრიმიტიული ლოგიკის მსხვერპლნი არიან. საკუთარ თავში იპოვონ ძალა, რომ რეალურ საკითხებზე და პრობლემებზე ისაუბრონ, რაც მართლა აწუხებს ხალხს. ზოგი მათგანი მაინც თუ მოახერხებს რომ რეალურ ხარვეზებზე მიგვითითონ, დიდი სიამოვნებით შევალთ დისკუსიაში და საქმეს გავაკეთებთ. მათი დღის წესრიგი ვნახეთ რაც არის. 7 თვე ქვეყანას აჯანჯღარებენ. 7 თვეა საბოტაჟზე მიდიან, ამბებს იგონებენ. გასაგებია, რომ მათი დღის წესრიგი დესტრუქციულია. ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს და ამასობაში ამ კამათის მიღმა საქმე კეთდება,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინფორმაციისთვის, 8 ივნისს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საკანონმდებლო ორგანოში შევიდნენ, მათ შორის პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიაც.

პარტიის ერთ-ერთი წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პარლამენტში საქმის გასაკეთებლად შევიდნენ.