მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თუკი ოპოზიციას რაიმე არგუმენტაცია აქვს, მოვიდნენ და კონკრეტული კითხვები დასვან - გივი მიქანაძე დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე

გივი მიქანაძე

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე გივი მიქანაძე მოუწოდებს ოპოზიციას, 26 ივლისს ჩანიშნულ პლენარულ სხდომას დაესწრონ და მონაწილეობა მიიღონ განხილვაში, რომელზეც დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას მოისმენენ და დაამტკიცებენ.

მიქანაძის თქმით, თუკი ოპოზიციას რაიმე არგუმენტაცია აქვს, შეუძლიათ განხილვაზე მივიდნენ და კონკრეტული კითხვები დასვან.

„მთელი რვა თვის განმავლობაში მათი მხრიდან გაკეთებული მაღალფარდოვანი განცხადებები იყო სხვა არაფერი, თუ არა საზოგადოების სიცრუეში შეყვანა და თავისი ე.წ. რევოლუციური სცენარის განვითარების მცდელობა. ეს იყო უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, რომელმაც ქვეყანა დააზიანა და ქვეყნის განვითარებას მნიშვნელოვანი შეფერხებები შეუქმნა, თუმცა ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იმსჯელა ამ ყველაფრის თაობაზე და დასკვნაც გააკეთა, რომ საგამოძიებო კომისია იქნებოდა თუ არა, ამ პოლიტიკურ სუბიექტებს რაიმე სახის კონკრეტული მტკიცებულება რომ ჰქონოდათ, რომლითაც ისინი შეძლებდნენ დაესაბუთებინათ, რომ რაიმე სახის გაყალბება მოხდა, რასაც შეიძლება არსებითი ზეგავლენა მოეხდინა პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგებისთვის, ისინი საგამოძიებო კომისიის გარეშეც მანამდე არაერთხელ საზოგადოებას ამ მტკიცებულებებს წარუდგენდნენ.

ჩვენ ვხედავთ, რომ რვა თვის თავზე არცერთი კონკრეტული მტკიცებულება, რომელსაც არსებითი გავლენა შეიძლება მოეხდინა არჩევნების საბოლოო შედეგებზე, მათი მხრიდან გამოვლენილი არ არის. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ მათ, არა მარტო ჩვენ, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, რომლებმაც შეაფასეს საგამოძიებო კომისია, როგორც ერთ-ერთი მძლავრი მექანიზმი იმისთვის, რომ ყველა საკითხზე დეტალური ინფორმაციის მიღება ყოფილიყო შესაძლებელი. ამიტომ მათი მხრიდან, ამ დრომდე ამ პროცესში არ მონაწილეობა, არა მარტო უშუალოდ როგორც წევრებზე, არამედ არც მტკიცებულებების წარდგენა, არც დასწრება ზოგადად რისი უფლებაც მათ რეგლამენტით აქვთ, მიუთითებს მხოლოდ ერთზე, რომ მათ არანაირი არგუმენტაცია, არანაირი ფაქტობრივი მასალა არ აქვთ.

ორშაბათის განხილვა არის მათი მხრიდან კიდევ ერთხელ იმის დაფიქსირება, რეალურად თუ ხელთ აქვთ რაიმე არგუმენტაცია, შეუძლიათ მოვიდნენ და კონკრეტული კითხვები დასვან. ჩვენ გვაქვს ძალიან სიღრმისეულად შესწავლილი, კონკრეტული მტკიცებულებებებით გამყარებული დასკვნა და რეკომენდაციები და იქიდან გამომდინარე დადგენილების პროექტი, რომლითაც კიდევ ერთხელ საზოგადოება დარწმუნდება თუ რა პროცესებს ჰქონდა ადგილი როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომაც, რა სცენარი ვითარდებოდა ამ ყველაფრიდან გამომდინარე ოპოზიციური პარტიების მხრიდან“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.