მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ულტიმატუმი და რადიკალიზაცია არ არის სწორი გზა“ - თურნავა „რიონის ხეობის მცველებს“ პასუხობს

ეკონომიკის მინისტრი

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავა ულტიმატუმის წაყენების საკითხთან დაკავშირებით „რიონის ხეობის მცველების“ განცხადებას უპასუხა და აცხადებს, რომ ეს არ არის სწორი გზა.

როგორც თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, ნამოხვანჰესის პროექტი უმნიშვნელოვანესი და სწორედ ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობა ენერგეტიკაზე გადის.

„პროექტი არის ძალიან მსხვილი. პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და სტრატეგიული, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობა ენერგეტიკაზე გადის. ენერგეტიკული დამოუკიდებლობა გადის საკუთარი განახლებადი რესურსების განვითარებაზე.

თუმცა, ზოგადად როცა საუბარი არის ასეთი მასშტაბის დიდ ჰიდროსადგურზე ეს ნებისმიერ ქვეყანაში ხდება ხოლმე გარკვეული განმარტებების რეჟიმში. მსხვილ ჰიდრო სადგურებს სხვა ქვეყნებშიც გამოუწვევია პროტესტი. აქედან გამომდინარე განსაკუთრებული პროცესი ეს არ არის, მაგრამ ჩვენ, ხელისუფლება ვალდებული ვართ, რომ ასეთ დროს ყველა კითხვას გავცეთ პასუხი.

თუმცა, როდესაც საუბარია ეკოლოგიაზე უსაფრთხოებაზე, პროექტის დეტალებზე ეს პასუხები კომპეტენტურად უნდა გაიცეს, ექსპერტების დახმარებით და ჩართულობით, რა თქმა უნდა არა ქუჩაში, არა კარვებში, არა მეგაფონის მოშველიებით, ეს არ არის სწორი ფორმატი იმისთვის, რომ მოსახლეობამ გაიგოს სიმართლე პროექტის შესახებ. იმიტომ რომ ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ცირკულირებდა, ჩვენ მაქსიმალურად და თვითონ ინვესტორი კომპანია ცდილობს, რომ მითები გააქარწყლოს“, - აცხადებს თურნავა.

მინისტრის თქმით, ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი სპეციალური პლატფორმები იმისთვის, რათა ყველა კითხვას ამომწურავად გაეცეს პასუხი.

თურნავა „რიონის ხეობის მცველებს“ მიმართავს და მოუწოდებს, რომ დიალოგის კონსტრუქციულ რეჟიმში ჩაერთონ.

„ამიტომ ხელისუფლებამ პირველ რიგში შეთანხმებას მიაღწია კომპანიასთან, რომ სრული მორატორიუმია გამოცხადებული კაშხლის მშენებლობაზე და სწორედ სწორედ კაშხალი არის ის დიდი ნაგებობა, რომელიც ძალიან ბევრი კითხვა ვრცელდებოდა და ამიტომ 12 თვიანი მორატორიუმია ამ ნაწილში მიღწეული.

გარდა ამისა ჩვენ შევქმენით ძალიან კარგი პლატფორმა, იმისთვის, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. ერთი ასეთი პლატფორმა არის ჩვენი და გარემოს დაცვის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივა ექსპერტთა საბჭოს ფარგლებში. ველოდებით ექსპერტებისგან ნებისმიერ დასაბუთებულ შენიშვნას, წინადადებას, რეკომენდაციას რისი გათვალისწინებაც სავალდებულო იქნება კომპანიისთვის.

მოვუწოდებ, რომ ჩაერთონ კონსტრუქციულ რეჟიმში. რაც შეეხება ულტიმატუმებს, რადიკალიზაციას, ეს არ არის სწორი გზა იმისთვის, რომ გაირკვეს ყველა დეტალი. ულტიმატუმებით საუბარი მიუღებელია, ხელისუფლების მიმართაც მიუღებელია, ასევე საზოგადოების მიმართაც არის მიუღებელი. განსაკუთრებით მიუღებელია მოწოდება „დავბლოკოთ, გავაჩეროთ, პარალიზება მოვახდინოთ“,- დასძინა ნათია თურნავამ.

ინფორმაციისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვის პერიოდით მორატორიუმი გამოცხადდა.

რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის მშენებლობას 2018 წლიდან ეწინააღმდეგება. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქტიური პროტესტი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა აქციაზე ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს და მთავრობის პასუხს 24 მაისის 12:00 საათამდე დაელოდებიან.

ამავე თემაზე:

✔️ „თუ ხვალ 12:00 საათამდე არ იქნება გადაწყვეტილება, მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას“ - გოლეთიანი

✔️ „ულტიმატუმით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია და ეს არის ბნელი 90-იანი წლების გადმონაშთი“ - პრემიერი „რიონის ხეობის მცველების“ განცხადებაზე

✔️ სიმღერა, ლექსები და დროს ტარება - რა ხდებოდა 24 მაისის ღამეს ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე? (ვიდეო)