მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვასილ ჩიგოგიძე: აბსურდია, თითქოს ნიკა მელიას ექვსჯერ დავურეკე

ოზურგეთის, ლანჩუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარობის კანდიდატი, 2020 წ.

აბსურდია, თითქოს ნიკა მელიას ექვსჯერ დავურეკე, რათა მეთქვა, მხარს გიჭერ და ჩემი იმედი გქონდესთქო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ვასილ ჩიგოგიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მას მხოლოდ იმის გამო ურეკავდა, რომ კვირას, გვარამიას გადაცემაში ახსენა, ვასიკო ჩიგოგიძე გურიიდან სპეციალურად არ ჩამოდის, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოსო.

„ჩემთვის ეს განცხადება იყო მიუღებელი და ორშაბათს მისი მოძებნა დავიწყე. ჩემს ტელეფონს არ იღებდა, მივწერე, ვასიკო ვარ ჩიგოგიძე და პასუხი გამეცითქო. პასუხი მაინც არ გამცა.

მივმართე მის ადვოკატს, კონდახაშვილს, რომელიც ჩემი მეგობარია და ვუთხარი, გამაგებინე, რა საქციელია, რა უნდა, რეებს ამბობსთქო. ადვოკატმა მითხრა, არ სურს, საუბარი და შემდეგ შეგხვდებაო.

კიდევ მივწერე, დამელაპარაკემეთქი. დამირეკა და ატეხა როგორც სჩვევია გამოსვლები, პანიკა, რატომ მაწუხებო, ტელეფონი გამითიშა, მასთან მეტი საუბარი არ მქონია.

ვუთხარი, შეხვედრა მინდა, რაზეო და რა ვალდებულება მაქვს შენთან, რომ მხარდაჭერა მეთქვათქო. ნიკა მელიასთან ის ურთიერთობა მქონდა, რომ ალბათ, მან ჩათვალა, მისთვის იმუნიტეტის მოხსნას ხმას არ მივცემდი.

მასთან პირადი ნაცნობობა მაკავშირებს, ბავშვობის ძმაკაცები არ ვართ, მაგრამ ჩემთანაც ნამყოფია და მასთანაც ნამყოფი ვარ, ნაციონალებისგან იყო შემოთავაზება, გამსვლელ სიაში ჩაწერის “, - აღნიშნა ვასილ ჩიგოგიძემ.

ვასილ ჩიგოგიძის თქმით, ის ნაციონალებთან ერთად ვერ იქნება რადგან 2 ჯერ დაიჭირეს.

ცნობისთვის, სკანდალური განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 16:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტეს.

საკითხს სხდომაზე 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ორი კი წინააღმდეგი იყო.