მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვინც დაზარალდა სააკაშვილის მხრიდან, იმ ხალხმა ხომ უნდა იგრძნოს, რომ სააკაშვილმა მოინანია?!“ - გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში საყოველთაო შერიგების იდეასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთ ვითარებაში შერიგება წარმოუდგენლად მიაჩნია.

მისი თქმით, შერიგება მარტო სააკაშვილის გათავისუფლებას არ ნიშნავს.

ამასთან, ექსპერტი ამბობს, რომ არცერთ მხარეს არანაირი სინანულის გრძნობა არ გააჩნია.

„ჩვენ პოლიტიკურ ელიტაში რიტორიკა მესმის, მაგრამ პოლიტიკურ ნებას ვერ ვხედავ. ვცხოვრობთ მონოლოგების კაკაფონიის პირობებში, ეს მონოლოგები სიძულვილზე და აგრესიაზეა აგებული. წინასაარჩევნოდ შესაძლოა ვიღაცას „მშვიდობის მტრედის“ მანტიის მორგება შეიძლება აწყობდეს, მაგრამ ეს შინაარსობრივად არაფერს არ ნიშნავს.

შერიგება არ ნიშნავს მარტო სააკაშვილის გათავისუფლებას. შერიგება არის უფრო მეტად მასშტაბური პროცესი. სამი ელემენტისგან შედგება შერიგება - არა ყალბი, არამედ რეალური შინაარსით სავსე.

ეს არის - დანაშაულის იდენტიფიცირება, დანაშაულის აღიარება, მონანიება და ამნისტირება. ეს ყველაფერი შეიძლება გახდეს შერიგების საფუძველი. როგორ წარმოგიდგენიათ, ვინც დაზარალდა სააკაშვილის მხრიდან - ის ხალხი რომ შეირიგო, იმ ხალხმა ხომ უნდა იგრძნოს, რომ სააკაშვილმა და პოლიტიკურმა გუნდმა მოინანია, თუ მმართველი პარტია დანაშაულს ჩადის, მათაც უნდა ჰქონდეთ გულწრფელი მონანიების გრძნობა.

უნდა მოხდეს რეალური მონანიება ორივე მხრიდან და ამ მონანიების საფუძველზე ამნისტირება ანუ შერიგება.

ასეთ ვითარებაში შერიგება წარმოუდგენლად მიმაჩნია. არცერთ მხარეს არანაირი სინანულის გრძნობა არ აქვს. მოინანიეთ ყველამ, მარტო სააკაშვილს არ აქვს მოსანანიებელი. ორივე პარტია ერთმანეთზე უარესია. თუ მოინანიებენ, საზოგადოება მათ აპატიებს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

10 ოქტომბრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დამაკმაყოფილებელია.

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ციხეში ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი დააკვირდება.

მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება, თუმცა, მოგვიანებით, უკრაინის პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილის ექსტრადირებას არ ითხოვს.

14 ოქტომბერს თბილისში სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. ექსპრეზიდენტმა მრავალრიცხოვანი აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„საზოგადოებას და ქვეყანას სჭირდება დიდი შერიგება და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად“ - სააკაშვილის წერილი ციხიდან

„დიდი იმედი მაქვს, ბატონი მიხეილი გამოვა ციხიდან და დაიწყება ახალი ერა ქვეყნის ისტორიაში“ - მეუფე ნიკოლოზი

„ჩემი შემოთავაზება ასეთია, დაიწყოს საქართველოში დიდი შერიგება“ - თაკო ჩარკვიანი

„დღეს საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია“ - მეუფე შიო