მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვლადიმერ ჩაჩიბაია: 2012 წლიდან ნატოს სამხედრო კომიტეტის რიგით მე-4 ვიზიტი საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის დემონსტრირებაა

ვლადიმერ ჩაჩიბაია სამხედროებზე

ნატოს სამხედრო კომიტეტის რიგით მე-4 ვიზიტი, ნატო-საქართველოს ურთიერთობის საკითხების განხილვისა და ჩვენ მიერ მიღწეული პროგრესისა და არსებული მდგომარეობის ადგილზე შეფასების შესაძლებლობაა, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო წარმოადგენს ნატოსა და ევროკავშირის საიმედო პარტნიორს, რომელიც მტკიცედ დგას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ჩაჩიბაიამ აღნიშნა, რომ საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობა ეფუძნება საერთო ღირებულებებისა და პრინციპების ერთგულებას.

„საქართველო-ნატოს არსებული თანამშრომლობის საფუძველია საქართველოს თავდაცვის ძალებში შეკავებისა და თავდაცვის პრინციპებზე დაფუძნებით განხორციელებული წარმატებული რეფორმები და ტრანსფორმაციის პროცესი, რომელიც აღიარებულია ჩვენი პარტნიორების მხრიდან. საქართველო წარმოადგენს ალიანსის ერთ-ერთ ყველაზე თავსებად ასპირანტ სახელმწიფოს, რომელსაც გაწევრიანებისთვის საჭირო ყველა მექანიზმი აქვს.

საქართველო, როგორც ალიანსის საიმედო პარტნიორი, წლებია ნატოელი პარტნიორების მხარდამხარ იცავდა მსოფლიოს მშვიდობასა და სტაბილურობას და წარმოადგენდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან კონტრიბუტორ სახელმწიფოს ნატოს მიერ წარმოებულ მისიებში ავღანეთსა და კოსოვოში.

ნატო მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების პოლიტიკას.

მტკიცე თანამშრომლობის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP), რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებისა და ინსტიტუტების გაძლიერებასა და ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებას, რომელიც ექსკლუზიურად საქართველოსთვის შეიქმნა და ხელს უწყობს ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას.

საქართველო მზადაა, ხელი შეუწყოს ნატოს შავი ზღვის უსაფრთხოების პოლიტიკის გაძლიერებასა და ამ მიმართულებით ერთობლივად შეთანხმებული ნაბიჯების ეფექტიანად განხორციელებას.

ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს პარტნიორობის მაღალ ხარისხს“, - განაცხადა ჩაჩიბაიამ.