მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვტოვებ პარლამენტს - არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულება“ - ზურაბ ჯაფარიძე

„ჩემი დახმარება იყო ტექნიკური და ამის უკან სხვა არაფერი არ მოიაზრება“

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტს ტოვებს. მიზეზად კი „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ასახელებს, რომლის თანახმად „ქართული ოცნება“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შედგენილი 19 აპრილის შეთანხმებიდან გავიდა.

„ოცნება“ გავიდა 19 აპრილის შეთანხმებიდან, გავიდა მხოლოდ ერთი მიზეზის გამო - დაინახა რომ 43%-ის აღების ნული შანსი აქვთ; გავიდა მას შემდეგ, რაც დაარღვია ამ შეთანხმების პრაქტიკულად ყველა პუნქტი, დაარღვია მიუხედავად იმისა, რომ მარკერით უხაზავდნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები რა უნდა გაეკეთებინათ.

გავიდა ამ დოკუმენტის ავტორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტიდან 1 კვირის თავზე აპელირება იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ შეუერთდა შეთანხმებას, არის თითიდან გამოწოვილი ბოდვა. ეს შეთანხმება არ დადებულა „ნაციონალური მოძრაობისთვის“, ამ შეთანხმების შესრულება ქვეყნისთვის იყო მნიშვნელოვანი - ნუ, ასე თვლიდნენ ამერიკელები და ევროპელები.

ამ შეთანხმებიდან გასვლა ნიშნავს უარს ამ ქვეყნის ევრო - ატლანტიკურ მომავალზე. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ესენი არიან მატყუარები, გადამგდებები, მათთან რამეზე შეთანხმებას არ გააჩნია რაიმე ფასი, ზუსტად ისე როგორც კრემლთან.

მე ვტოვებ პარლამენტს - პარლამენტში ყოფნა იყო 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერით ჩემს მიერ აღებული ვალდებულება, არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულება.

იზოლაციიდან გამოსვლის შემდეგ კიდევ ერთხელ ოფიციალურად მივმართავ პარლამენტს, თუ ვინმე კიდევ ვერ აცნობიერებთ რა ხდება - ასე მყარდება დიქტატურა, ნელა და თავხედურად, როგორ არ დავუშვათ ეს - ეს უნდა იყოს ერთადერთი საფიქრალი დღეს ნებისმიერი წესიერი ადამიანისთვის“, - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

ინფორმაციისთვის, „ქართულმა ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. აღნიშნულის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.