მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალქალაქში სასტუმრო და ოთხი სახლი დაწვეს

დაპირისპირება ახალქალაქში

რამდენიმე საათია ახალქალაქში ადგილობრივ მოსახლეობასა და სოფელ გულიკამის მაცხოვრებლებს შორის დაპირისპირება გრძელდება. გულიკამელებმა ახალქალაქში სასტუმრო „არტსერგი“ დაარბიეს და ოთხი სახლი დაწვეს.

„შურისძიების თემაა, დიდი ხანია დაპირისპირება აქვს ამ ოჯახებს. მთელი სოფლის მამაკაცები ჩამოვიდნენ ახალქალაქში, სამაგიეროს გადახდა უნდათ, რადგან გულიკამელი კაცი მოკლეს ახალქალაქელებმა“, - აცხადებენ ადგილობრივები.

ინცინდენტი თავდაპირველად სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებით დაიწყო, შემდეგ კი ჩხუბისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს. შემთხვევის შედეგად გარდაიცვლა 27 წლის ბიჭი.

„დაჭრილი საავადმყოფოში რომ გადავიყვანეთ, გარეთ გამოვედით და მანქანა დალეწილი დაგვხვდა“, - ამბობენ გულიკამელები.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან. ასევე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები, რომლებიც ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 განზრახ მკვლელობის და 236 მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე და სამიდან შვიდ წლამდე.