მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დაპირისპირება დმანისში - უახლესი ამბები

დაპირისპირება დმანისში. Pia.ge 2021

⭕ დმანისში ადგილობრივ მოსახლეობას შორის ჩხუბი ყოფით ნიადაგზე 16 მაისს დაიწყო. დაპირისპირება ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში ნისიას ეხებოდა

⭕ ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირება 17 მაისს განახლდა

17.05.2021 / 21:55 „დმანისში ვტოვებთ საპოლიციო ძალებს და გაგრძელდება კონტროლი“ - ვახტანგ გომელაური

„ადგილზე, რაღაც მასშტაბით, ვტოვებთ პოლიციურ ძალებს და იქნება კონტროლი. შესაძლებელია ხვალ ასეთი რამ აქ აღარ მოხდეს და მოხდეს მაგალითად სამეგრელოში, ვერ გაიგებ ასეთ თემას ნამდვილად. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ საკითხი ამოიწუროს“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დმანისში ჟურნალისტებთან განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, მოსახლეობას შორის დაპირისპირების ფაქტებზე დაკავებული ამ დორისთვის არავინაა და მოქალაქეები პოლიციის განყოფილებაში მხოლოდ გამოკითხვაზე იმყოფებიან.

„დაკავებული არავინაა, მხოლოდ გამოკითხვაზე იმყოფებიან ადამიანები, გამოჰკითხავენ და გამოუშვებენ. თუმცა, გამოძიება დაწყებულია და რამდენი ადამიანი იქნება დაკავებული მომავალში, ეგ ჯერ არ ვიცით.

რაც შეეხება იმას, რა ინციდენტიც მოხდა ქვემოთ, იქ არა დმანისელები, არამედ სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული ადამიანები იყვნენ, სადაც დაიძაბა სიტუაცია და მოხდა შეხლა-შემოხლა, ასევე დაზიანდნენ ჟურნალისტები, რაზეც გამოძიება ცალკეა დაწყებული. რაც შეეხება მთლიანად თემას, ინციდენტი ამოიწურა, მხარეები შეხვდნენ ერთმანეთს და შერიგდნენ. იმედია, ეს პროცესი კიდევ აღარ გაგრძელდება“, - აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრის განმარტებით, დაპირისპირების შედეგად მძიმედ დაშავებულები არ არიან.

7.05.2021 / 21:36 „ადამიანებმა გამოიჩინეს პასუხისმგებლობა, რომ კონფლიქტი ფართო მასშტაბში არ გადაზრდილიყო“ - მამა ანდრია ჯაღმაიძე

„ძალიან სასიხარულოა, რომ ყველაფერი გამარტივებისკენ წარიმართა, სიმშვიდისკენ წარიმართა. ადამიანებმა, რომლებიც ყოფით ნიადაგზე კონფლიქტში ჩაერთვნენ, გამოიჩინეს პასუხისმგებლობა, რომ ეს კონფლიქტი არ გადაზრდილიყო უფრო ფართო მასშტაბში და დეტალების გარკვევის შემდეგ, ამ ადამიანებმა მშვიდობისაკენ გადადგეს ნაბიჯი“, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ დმანისში, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, დმანისის მოსახლეობაში თანაცხოვრების მშვიდობიანად გაგრძელების მზაობა არსებობს, რაც იმედის მომცემია.

„იმედი მაქვს, რომ ესკალაციის საფრთხე აღარ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დაძაბული ვითარება იყო, მოსახლეობას საკმაოდ მაღალი მზაობა აღმოაჩნდა იმისთვის, რომ მშვიდობიანად იცხოვრონ. ეს არის ხალხი, რომლებმაც უნდა გააგრძელონ ერთად, მშვიდობიანად ცხოვრება, ამიტომ ამის განცდა ყველას აქვს, რომ ყოფით ნიადაგზე მომხდარი ინციდენტი, როგორღაც უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

17.05.2021 / 21:35 დმანისში დაპირისპირებული მხარეები შერიგდნენ 🤝

17.05.2021 / 20:15 დმანისის შესასვლელთან უცნობი მამაკაცი ავტომობილით ხალხში შევარდა

17.05.2021 / 20:10 დმანისში დაპირისპირებული მხარეები შერიგებაზე შეთანხმდნენ

დმანისში ადგილობრივი მოსახლეობის დაპირისპირებული მხარეები შერიგებაზე შეთანხმდნენ. გადაწყვეტილება მერიაში გამართულ სხდომაზე მიიღეს, რომელსაც მხარეთა წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლების წევრები და პრემიერის მრჩეველი რეგიონებთან ურთიერთობის საკითხებში სოზარ სუბარი ესწრებოდა.

შეხვედრა დმანისის მერიაში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

„გუშინ რაც მოხდა იყო აბსოლუტურად ყოფით ნიადაგზე დაწყებული, ხოლო ის რაც დღეს დილით და საღამოს იყო, არის მთლიანად გუშინდელის გაგრძელება და არ ვიცი რა მოხდა, ვინ იყო ორგანიზატორი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს იყო ორგანიზებული.

მათი ოჯახის წევრები, ვინც გუშინ ჩხუბში მონაწილეობდა, ამბობენ, რომ ამას თავიდანვე ემიჯნებოდნენ და ამბობდნენ, რომ ჩვენ აქ ერთად ვცხოვრობთ, ერთნი ვართ და არ უნდა ჰქონდეს ამას გაგრძელება.

ყველას მოვუწოდებ, რომ ამ ვითარებას ნუ მისცემს ესკალაციას. მე მესმის, რომ ახალგაზრდების ნაწილს სისხლი უდუღდეს და ჰგონია, რომ აქ რაღაც ხდება, თუმცა არაფერი ხდება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

17.05.2021 / 20:00 პოლიციას დმანისში დამატებითი ძალები შეჰყავს

დმანისში დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება მიმდინარეობს. ადგილზე გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანაც.

დმანისის შესასვლელთან ვითარება ამ დროისთვის უცვლელია. გადაკეტილია გზა და შეფერხებულია მოძრაობა.

დაპირისპირებული მოსახლეობის შესარიგებლად ამ წუთებში შეხვედრა მიმდინარეობს დმანისის მერიაში, რომელსაც მუსლიმი სასულიერო პირებიც ესწრებიან.

ცოტა ხნის წინ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა მხარეებს ხელის ჩამორთმევისკენ მოუწოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი რა პოზიციები აქვთ დაპირისპირებულ მხარეებს და მოხდება თუ არა მათი შერიგება.

17.05.2021 / 19:11 „ჩემო სვანო ძმებო, ეს დაპირისპირება და ომი მხოლოდ პუტინის რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს“ - მუსლიმთა შეიხის მიმართვა

„აღმაშფოთებელი რეალობის წინაშე ვდგავართ ჩვენ დღეს. ჩემს ძმებს, სვან ძმებს, ონიანებს, სუბელიანებს, ჩოფლიანებს, ჭკადუებს, უამრავ ჩემს სვან ძმას მინდა მივმართო, ჩემო სვანო ძმებო, ეს დაპირისპირება და ომი მხოლოდ პუტინის რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს“, - ამის შესახებ მუსლიმთა შეიხმა ვაგიფ აკბეროვმა სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას დმანისის მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეთნიკურად აზერბაიჯანელ და სვან მოსახლეობას შორის დაპირისპირება გასულ წლებშიც იყო, რაზეც მუსლიმი სასულიერო პირები, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მუშაობდნენ.

„ეს დაპირისპირება, როგორც თქვით, უცებ, ხელოვნურად გაკეთებული დაპირისპირებაა. შეიძლება ასეთი მაგალითი მოვიყვანოთ, რომ ჩემს შეიხობამდე, იგივე 2012 წლამდე, ინტენსიურად ვმუშაობდით დმანისის რაიონში, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ არ ყოფილიყო ეთნიკური და რელიგიური დაპირისპირების კერა. მოგეხსენებათ, რომ მანდ აგვისტოში იწყება ხოლმე კონფლიქტი მიწასთან და თივასთან დაკავშირებით.

იძახდნენ, რომ ეს ჩემი მამა-პაპისაა და ეს მე მეკუთვნის. არ შემიძლია, არ აღვნიშნო საპატრიარქოს როლი, იმიტომ რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ჩვენს მაღალი იერარქიულ მამაოებთან ერთად ჩავდიოდით დმანისში და ზოგჯერ წინასწარაც ჩავდიოდით, რადგან იყო ხოლმე მსხვერპლი და რაღაცნაირად რომ განგვემუხტა სიტუაცია“, - აღნიშნა მუსლიმთა შეიხმა.

17.05.2021 / 18:55 ქართულ-აზერბაიჯანულ მეგობრობას პრობლემები არ უნდა შეექმნას - აზერბაიჯანის საელჩო

დმანისის რაიონში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და ეთნიკურ აზერბაიჯანელებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

„ამ ფაქტის წარმოჩენა, როგორც დაპირისპირება ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის, არასწორია. ის არ შეესაბამება ქართულ-აზერბაიჯანულ სტრატეგიულ პარტნიორობას. მოვუწოდებთ ჩვენს თანამემამულეებს გამოიჩინონ თავშეკავება, პოლიტიკური სიმწიფე და პასუხისმგებლობა.

ინციდენტზე რეაგირება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მოხდეს. აზერბაიჯანის საელჩოს მუდმივი კონტაქტი ექნება საქართველოს შესაბამის სტრუქტურებათნ“ - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

17.05.2021 / 18:25 აზერბაიჯანის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

დმანისის რაიონში 16 და 17 მაისს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აზერბაიჯანის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და ამ ფაქტს საქართველო-აზერბაიჯანის მტრების მიერ ინსპირირებულ აქციას უწოდებენ. ამის შესახებ azerbaycan24.com ავრცელებს.

„აზერბაიჯანის მიერ მოღწეული გამარჯვება ყარაბაღის ომში და საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობები ჩვენი მტრების სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს. შესაბამისად, არის იმის ალბათობა, რომ ეს დაპირისპირება მათ მიერ იყოს ინსპირირებული. მოვუწოდებთ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს, იმოქმედონ საქართველოს კანონის შესაბამისად, არ აჰყვნენ პროვოკაციებს და იყვნენ ძალზე ფრთხილად“ - აცხადებენ კომიტეტში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კონფლიქტი საყოფაცხოვრებო ნიადაგზე გაჩნდა, ვინაიდან გარკვეულ პირებს მაღაზიაში ნაყიდი პროდუქციაში თანხის გადახდა არ სურდათ.

17.05.2021 / 18:25 პირველი არხის გადამღებ ჯგუფს დმანისის შესასვლელთან ფიზიკურად გაუსწორდნენ

დმანისის შესასვლელთან მოსახლეობის კონფლიქტის გასანეიტრალებლად სამართალდამცველებმა გზა დროებით გადაკეტეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ახალგაზრდების ორი ჯგუფი დაუპირისპირდა.

აღნიშნულ დაპირისპირებაში მონაწილე პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ ადგილზე მყოფ საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტორეპორტიორს, რომლებიც დმანისის კონფლიქტს აშუქებენ.

17.05.2021 / 17:31 დმანისში ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა ქალაქის შესასვლელში პოლიციის კორდონი გაარღვია

17.05.2021 / 16:01 „ვინც იძალადა, კანონის შესაბამისად უნდა იყოს მიცემული პასუხისგებაში“ - თალაკვაძე დმანისში დაპირისპირებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე დმანისში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვინც იძალადა, პასუხისგებაში უნდა იყოს მიცემული.

„ამ ინციდენტის შეფუთვა და მისი გატანა ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორც ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირება არის მიუღებელი. ეს არის დამაზიანებელი ჩვენი საზოგადოებისთვის და რა თქმა უნდა, ეს არის დამაზიანებელი საზოგადოებისთვის და ეს რა თქმა უნდა ოპონენტების მხრიდან საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

მთელმა საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს იყო ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი.

საკანონმდებლო ორგანოს სრული მხარდაჭერა, რათა აღსრულდეს კანონი და ის ვინც დაარღვია კანონი, ვინც იძალადა, რა საკვირველია, კანონის შესაბამისად უნდა იყოს მიცემული პასუხისგებაში“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

17.05.2021 / 15:43 ელენე ხოშტარია: ჩვენ ვუყურებთ ეთნიკური შუღლის გაღვივებას

მოძრაობა „დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია დმანისში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთი სიტუაცია ძალიან საშიშია.

„ჩვენ პირდაპირ ვუყურებთ წარმოუდგენელ საშიშ ძალადობას. ასევე, მცდელობას ეთნიკური შუღლის გაღვივების. რეალურად იქ არის ძალადობა, რომელიც პოლიციამ ძალიან სწრაფად უნდა აღკვეთოს.

ასეთი მოვლენები ძალიან საშიშია. სახელმწიფო იმიტომ არსებობს, რომ ჯოხებით და ქვებით ერთმანეთს არ ერეოდნენ მოქალაქეები“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

17.05.2021 / 15:45 ვახტანგ გომელაური: პირდაპირ რომ ვთქვათ - ქვეყნის მტრობაა, ვინც იძახის, რომ ეს არის ეთნიკური თემა და ეს უნდა გაღვივდეს და გამწვავდეს, ამას ჩვენ არ დავუშვებთ

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მედიასთან ვრცლად ისაუბრა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ქვეყნის მტრობაა ვინც ამ დაპირისპირების ეთნიკურ თემაში გადაყვანას ცდილობს და ხელისუფლება ამას არ დაუშვებს.

„ცუდი სიტუაცია იყო, რა თქმა უნდა. ხალხი შეიკრიბა ძალიან სწრაფად და ქაოსური სიტუაცია შეიქმნა ძალიან სწრაფად. გუშინდელი დღის შემდეგ, იყო გაძლიერებული პოლიცია, მეტი ძალები იყო შემოყვანილი, თუმცა ეს ძალები არ აღმოჩნდა საკმარისი ამ შემთხვევაში, რაც 150-200 კაცამდე იყო. რეალურად თუ არის 20 კაცი სხვა მშვიდობიან დროს აქ, გაათმაგებული იყო. სამწუხაროდ, ვერ მოხდა ამხელა მასის კონტროლი და მოხდა დამატებითი ძალების შემოყვანა დმანისში. აქედან გამომდინარე, განიმუხტა ამის შემდეგ. ამიტომ ვერ მოხდა უსწრაფესად ამ ადამიანების შეჩერება და ამ კონფლიქტის გაჩერება.

ვინმეს თუ დავაკავებთ, აუცილებლად გაცნობებთ. ტელევიზორს ვუყურებთ და ჩანს, ვინ რა განცხადებებს აკეთებს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ - ამ თემას არ დავუშვებთ, არც ერთ შემთხვევაში იქიდან გამომდინარე, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან ჩვენი მოქალაქეები, პირველ რიგში. მეორე, აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირეა, მეზობელია და ჩვენი მეგობრები არიან, ეს არ უნდა დავუშვათ. ეს არის ქვეყნის მტრობა - პირდაპირ რომ ვთქვათ. ქვეყნის მტრობაა, ვინც იძახის, რომ ეს არის ეთნიკური თემა და ეს უნდა გაღვივდეს და გამწვავდეს, ამას ჩვენ არ დავუშვებთ. დეპუტატებიც ჩამობრძანდნენ, როგორც ვიცი, შევალთ, გავისაუბრებთ და შეიძლება შევხვდეთ როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

17.05.2021 / 14:54 „ყველა, ვინც კანონი დაარღვია, უმკაცრესად დაისჯება“ - შს მინისტრი დმანისში დაპირისპირებაზე


შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დმანისში ჩავიდა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, დაპირისპირებაში მონაწილე ყველა პირი მკაცრად დაისჯება.

მისი თქმით, სახელმწიფო ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტის გაღვივებას არ დაუშვებს.

„პირველ რიგში ძალიან სამწუხარო ფაქტია, რაც მოხდა, შერხლა-შემოხლა და დაპირისპირება. გუშინვე დავიწყეთ ამაზე გამოძიება. მინდა, ვთქვა, რომ ყველა, ვინც კანონი დაარღვია, უმკაცრესად დაისჯება.

ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. ეთნიკურად აზერბაიჯანელები, რომლებიც აქ ცხოვრობენ საუკუნეებია, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეები არიან და ამას არ დავუშვებთ. ეს თემა ეთნიკურ დაპირისპირებაში არ უნდა გადაიზარდოს“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

როგორც მან განმარტა, დაწყებულია გამოძიება, თუმცა ვინმეს დაკავებას ამ დროისთვის ვერ დაადასტურებს.

„გამოძიება დაწყებულია, მიმდინარეობს გამოკითხვა და ჯერ დაკავებას ვერ დაგიდასტურებთ“, - აღნიშნა მინისტრმა.

17.05.2021 / 14:13 დმანისში სოზარ სუბარი ჩავიდა



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი დმანისში ჩავიდა. ის პოლიციის შენობაში მიმდინარე შეხვდერას დაესწრება, რომელზეც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამართალდამცველები მოსახლეობაში დაპირისპირების განმუხტვის გზებზე მსჯელობენ.

როგორც სოზარ სუბარმა შენობაში შესვლამდე განაცხადა, დაპირისპირების გამწვავებას მედია უწყობს ხელს.

„დაწყნარდით, თქვენ თუ დაწყნარდებით, ყველაფერი კარგად იქნება“, - მიმართა სუბარმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ დმანისში ეთნიკურად აზერბაიჯანელებსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის დაპირისპირებაა, სადაც მეორე დღეა ადგილი აქვს ძალადობრივი ინციდენტებს.

17.05.2021 / 13:30 „ეს არა პოლიციის, არამედ პოლიტიკოსების თემა და ხელისუფლების პასუხისმგებლობაა“ - პაატა ზაქარეიშვილი დმანისის მოვლენებზე

„ეს არის არა პოლიციის, არამედ პოლიტიკოსების თემა. ეს არის ინტეგრაციისა და თანასწორობისა და სამართლიანობის საკითხი. ჩვენი მოსახლეობის ნაწილი არის თუ არა ბოლომდე ინტეგრირებული და გრძნობს თუ არა თავს ღირსეულ მოქალაქედ“, - ასე აფასებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი დმანისში მიმდინარე დაპირისპირების საკითხს.

როგორც მან საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში განაცხადა, ინტეგრაციისა და თანასწორობის პრობლემა საქართველოში მნიშვნელოვანი საკითხია.

კერძოდ, სხვადასხვა შემთხვევებში თვალშისაცემია ხელისუფლების ორმაგი სტანდარტები, ეთნიკურად ქართველი და სხვა ეროვნების მოსახლეობის, ასევე, მართლმადიდებელ და მუსლიმი მოქალაქეების მიმართ.

„ჯერჯერობით, ინტეგრაციისა და თანასწორობის საკითხები საქართველოში შორს არის იმისგან, როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოში უნდა იყოს. ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები თავს დაჩაგრულად გრძნობენ ქართველებთან და მართლმადიდებლებთან შედარებით.

ამის მშვენიერი მაგალითია აღდგომის დღესასწაულზე მიღებული გადაწყვეტილება, როცა კოვიდშეზღუდვები მოიხსნა ერთი ღამით, ამ დროს კი, როცა აზერბაიჯანელებს ჰქონდათ თავიანთი დღესასწაული - ნოვრუზ ბაირამი, მაშინ მათ არ ჰქონდათ საშუალება ასევე ეზეიმათ თავიანთი დღესასწაული. სხვათა შორის, იმ დღეებში თბილისში ჩატარდა საფეხბურთო მატჩი და მაშინაც მოიხსნა კოვიდის შეზღუდვები. თურმე ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის შეიძლება რეგულაციების მოხსნა და აზერბაიჯანელი მოქალაქეებისთვის არ შეიძლება.

თვალშისაცემია ორმაგი სტანდარტები, რა თქმა უნდა, გამაღიზიანებელია და გროვდება, რა შეიძლება ისეთი მარტივ შემთხვევებში გამწვავდეს, როგორიცაა მაგალითად ის, რომ ვიღაცამ ლუდი დროულად არ მისცა მაღაზიაში ადამიანს. ეს არის ბოლო წვეთი გაღიზიანების, რომელიც გროვდება და გროვდება თასში, შემდეგ კი ასეთ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

17.052021/ 1:20 „ვითარება განმუხტულია, დამშვიდდით, დაწყნარდით“- ლაშა გოგნიაშვილი დმანისში მიმდინარე მოვლენების შესახებ

ქვემო ქართლის პოლიციის განყოფილების უფროსის ლაშა გოგნიაშვილის თქმით, დმანისში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ძალიან ბევრი თანამშრომელი იმყოფება.

ის აღნიშნავს, რომ ამჟამად ვითარება განმუხტულია მოქალაქეები არიან განიარაღებულნი და მისი ინფორმაციით დაკავებული არავინ არ არის.

როგორც გოგნიაშვილი აცხადებს, ადგილზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, მობილიზებულია სამართალდამცველთა დიდი რაოდენობა და ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებიც იმყოფებიან დმანისში.

„განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ძალიან ბევრი თანამშრომელი იმყოფება ადგილზე, გუშინაც იყვნენ და დღესაც არის, კიდევ დაემატება ძალები. ვითარება განმუხტულია, დამშვიდდით, დაწყნარდით“- განაცხადა ლაშა გოგნიაშვილმა.

17.05.2021 / 12:35 „რას ელოდებით? ღლიით? დროზე ჩაიყვანეთ პოლიცია და დაამშვიდეთ სიტუაცია“- ზურაბ ჯაფარიძე დმანისში მიმდინარე მოვლენებზე

პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დმანისში მიმდინარე დაპირისპირებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

ის მთავრობას მოუწოდებს სამართალდამცველების მობილიზებისა და აღნიშნული კონფლიქტის მოგვარებისათვის მიიღოს საჭირო ზომები.

„რას ელოდებით? ღლიით? დროზე ჩაიყვანეთ პოლიცია და დაამშვიდეთ სიტუაცია და მკაცრად დასაჯეთ ყველა ვინც გუშინდელი ხორცსაკეპი მოაწყო, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა თორემ მალე გვიან იქნება და პასუხისმგებლობა სრულად თქვენზეა.

პ.ს. „ეგრე უნდათ მაგ თათრებს“ ვინც წერთ, ყველანი ან იდიოტები ხართ ან კრემლის ხელფასზე, გამონაკლისის გარეშე“- წერს ზურაბ ჯაფარიძე.

17.05.2021 / 12:20 დმანისში ვითარება კიდევ უფრო იძაბება

დმანისში, ეთნიკურად აზერბაიჯანელ და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირებაა. დაპირისპირებული მხარეები ხელკეტებით და ქვებით არიან შეიარაღებულები და ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან.

17.05.2021 / 12:15 შს სამინისტრო დმანისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, დმანისში შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე. პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე,“ - ამის შესახებ შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 16 მაისს, დმანისში, ყოფით ნიადაგზე ადგილობრივები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რაც გადაიზარდა ჯგუფურ ძალადობაში.

პოლიციის მიერ იდენტიფიცირებულია დაპირისპირებაში მონაწილე პირების ვინაობა, გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

დმანისში დაპირისპირების განმეორების პრევენციის და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს დაპირისპირებულ მხარეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და შეინარჩუნონ სიმშვიდე, რათა ხელი არ შეეწყოს ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის ხელოვნურად ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

17.05.2021 / 11:30 დმანისში, დაპირისპირებული მხარეები ხელკეტებით და ქვებით არიან შეიარაღებულები და ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან

17.05.2021 / 11:27 დმანისში დაპირისპირება კვლავ გრძელდება (ვიდეო)

დმანისში ეთნიკურად აზერბაიჯანელებსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის დაპირისპირებაა. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველთა ჯგუფები.

პოლიცია მოსახლეობის დამშვიდებას ცდილობს და დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის დგას.

ამ დროისთვის ადგილზე დაკავებული არავინაა.

შეკრებილი მოქალაქეები გუშინდელ ჩხუბში მონაწილე პირების დასჯას ითხოვენ.

17.05.2021 / 0:55 დაპირისპირება დმანისში - ახალგაზრდები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ქალაქ დმანისში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება ქალაქ დმანისში 9 აპრილის ქუჩაზე, ადგილობრივ აზერბაიჯანულ თემსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის მოხდა.

სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, ჯოხებით შეიარაღებული ახალგაზრდების ჯგუფი. დაზიანებულია მაღაზია და ავტომობილი.