მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავითაშვილი: სვანეთში სურსათით მომარაგების პრობლემა არ შეიქმნება

სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, სვანეთის მოსახლეობის სურსათით და სხვა პირველადი საჭიროების საგნებით მომარაგებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

„ამ მიმართულებით გამოცდილება უკვე დაგვიგროვდა იმ რეგიონებში მუშაობის დროს, სადაც მკაცრი საკარანტინო ზომები გვქონდა შემოღებული. ეს იყო ქვემო ქართლის რამდენიმე მუნიციპალიტეტი. დღეს იმავე გამოცდილებას ვიყენებთ მესტიაში არსებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, თუმცა სვანეთს თავისი სპეციფიკა გააჩნია. ეს არის საკმაოდ დიდი ტერიტორია, სადაც მოსახლეობა არ არის მჭიდროდ დასახლებული. ამავე დროს, გვაქვს საკმაოდ ბევრი სოფელი, რომელიც რაიონული ცენტრიდან მოშორებულია. ეს მოცემულობა საჭიროებს განსაკუთრებულ ლოგისტიკურ უზრუნველყოფას. საჭიროა განსაკუთრებული კოორდინაცია, რისთვისაც სამინისტროს სხვადასხვა სამსახური არის მობილიზებული.

რეგიონში იმყოფება ჩემი მოადგილე, რომელიც პირადად უწევს მუშა პროცესს კოორდინაციას. ამ მომენტისთვის, სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მოსახლეობის სურსათით და სხვა პირველადი საჭიროების საგნებით მომარაგებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. რეგიონში დეფიციტი არ არის“,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, ქუთაისიდან რეგიონში შესასვლელად რამდენიმე სატვირთო მანქანა წავიდა, რომელიც დატვირთულია საკვები პროდუქტით.

„გარდა ამისა, დისტრიბუცია, რომელიც რეგიონის მომარაგების კუთხით მუშაობდა, მუშაობს შეუფერხებლად. დისტრიბუტორებს რეგიონში გადაადგილების პრობლემა არ აქვთ. სამინისტროს თანამშრომლები აღრიცხავენ თითოეულ შესულ მანქანას. ყველა შესული მანქანა კონტროლდება, მათ განსაზღვრული აქვთ კონკრეტული დანიშნულების ადგილები. კონტროლდება მათ მიერ რეგიონის დატოვების საკითხიც (ფიქსირდება დრო და ა.შ.). თითოეული საკითხი ორგანიზებულია ჩვენი სამუშაო ჯგუფის მიერ.
სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო, შრომის ინსპექციასთან ერთად, ინტენსიურადაა ჩართული, რომ ადგილზე გაკონტროლდეს ის რეგლამენტები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ სურსათის ობიექტებში დისტანცირებასა და სხვა სტანდარტებთან დაკავშირებით შემოიღო, რათა მინიმალური იყოს ინფექციის გავრცელების რისკები“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.