მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეკატერინე ტიკარაძემ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაციის კაბინეტები დაათვალიერა

ეკატერინე ტიკარაძემ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაციის კაბინეტები  დაათვალიერა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმუნიზაციის კაბინეტები დაათვალიერა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია სწორედ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია ხელმისაწვდომი.

სამინისტროს ცნობით, სამედიცინო დაწესებულებას აქვს შესაბამისი რესურსი, როგორც პაციენტთა ნაკადების მართვის, ასევე შესაბამისი აღჭურვის თვალსაზრისით. ყველა სამედიცინო დაწესებულების ამცრელი გუნდი სამი ადამიანითაა დაკომპლექტებული - ექიმით, ექთანითა და რეგისტრატორით. თითოეულ გუნდს ჩატარებული აქვს შესაბამისი ტრენინგი, როგორც აცრის, ისე აცრის შემდგომ, შესაძლო გართულების სამართავად.

„მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პროცესი მაქსიმალურად გაფართოვდეს. რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო Covid 19-ის საწინააღმდეგო პროცესებში პირველივე დღიდანვე ჩართული.

სამედიცინო დაწესებულებაში აცრის ჩატარება ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულ მოქალაქეებსაც შეეძლებათ. ეს პროცესი ეპიდვითარების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გარდა ამისა, მინისტრმა რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დიალიზის და თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის დეპარტამენტიც გახსნა.

მათი თქმით, განყოფილება იმ პაციენტებისთვისაა განკუთვნილი ,რომლებსაც თირკმლის ქრონიკული დაავადების მეხუთე სტადია და თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის - კერძოდ ჰემოდიალიზის მხარდაჭერა ესაჭიროება.

მათივე ცნობით, დიალიზისა და თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის დეპარტამენტში სამედიცინო მომსახურება 200-მდე პაციენტს გაეწევა.

ცნობისთვის, განყოფილებაში არის უახლესი გერმანული წარმოების 2020 წლის გამოშვების სტანდარტების შესაბამისი 20 B-Braunis ტიპის სადიალიზო აპარატები, ფუნქციური საწოლები და წყლის საწმენდი სისტემა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს.

აღნიშნული სამედიცინო ტექნიკა ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით შეიძინა.

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ეკატერინე ტიკარაძე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებსაც შეხვდა.

მხარეებმა COVID 19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ვაქცინაციის საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების აქტივობას. ჯანდაცვის მინისტრმა კოლეგებს იმუნიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა .