მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს ახალი ავტომობილები გადაეცა

სასწრაფოს მანქანები ქუთაისში

ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა 5 ახალი ავტომობილი გადასცა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს ქუთაისის სასწრაფო დახმარების მედპერსონალს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ესტუმრა.

მინისტრმა თანამშრომლებს ახალი ავტომობილების გადაცემა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან და იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან ერთად მიულოცა.

მისი თქმით, ახალი ავტომობილები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით.

შეხვედრაზე ეკატერინე ტიკარაძემ ქვეყანაში გადაუდებელი დახმარების ხარისხის გაზრდასა და თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა მედპერსონალს მათ მიერ გაწეული სამსახურისა და პროფესიული თავდადებისთვის.

„ქუთაისს გადავეცით 5 ავტომობილი, რომლებიც არის ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი. მათი ტექნიკური მონაცემები წინა მანქანების ტექნიკური მონაცემებისგან განსხვავდება და მათში შექმნილია ყველა ის პირობა, რომელიც ესაჭიროება პაციენტს სასწრაფო გადაუდებელი დახმარებისთვის. ასევე შექმნილია ყველა საჭირო კომფორტი ექიმებისთვის. გარდა ქუთაისისა, ვგეგმავთ მთელი საქართველოს მასშტაბით ავტოპარკის ინტენსიურად ჩანაცვლებას. თქვენ იცით, რომ გვქონდა დიდი პრეზენტაცია თბილისში, სადაც წარვადგინეთ 60 სასწრაფო დახმარების მანქანა, რომლებიც გადაეცემა ყველა რეგიონს საჭიროებისამებრ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, მძღოლები გადამზადებას არ საჭიროებენ. სასწრაფო დახმარების სამსახურში მომუშავე ექიმები კი ტრენინგებს მუდმივად გადიან და ეს ტრენინგები გაგრძელდება, რადგან, მინისტრის თქმით, ამ სამსახურის მხრიდან გაწეული მაღალკვალიფიციური მომსახურება პირდაპირპროპორციულად აისახება მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე და შემდეგ მათ მკურნალობაზე სტაციონარებში.

ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ის ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ზამთარში იმყოფებოდა და სწორედ მაშინ ნახა პერსონალის სამუშაო პირობები.

მინისტრის თქმით, იგეგმება ცენტრის შენობა ნაგებობის რეაბილიტაცია, რათა ექიმების სამუშაო გარემო გაუმჯობესდეს.