მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლადო აფხაზავა: მშობლებმა არ იციან, შვილებს სწავლისთვის ინტერნეტი შეუძინონ თუ საკვები

ლადო აფხაზავს კომენტარი ონლაინგაკვეთილებზე

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა და სოფელ ჩიბათის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ლადო აფხაზავამ სატელევიზიო ეთერში, ონლაინ სწავლების პრობლემებზე და გამოწვევებზე ისაუბრა. 

„ონლაინ გაკვეთილების დროს, გზადაგზა იმდენი პრობლემა იჩენს თავს, რომ ვეღარ ვუმკლავდებით.

მოსწავლეთა მშობლებმა სამსახურები დაკარგეს, ამიტომ მშობლებმა არ იციან, ინტერნეტი შეუძინონ შვილებს, თუ საკვები. როდესაც ამ ორ რაღაცაზე დარჩა არჩევანი მშობელს, ამჯობინეს, რომ საკვები შეეძინათ მოსწავლეებისთვის. ამ დროს ვეხმარებით ჩვენ, მასწავლებლები. მაგალითად, ახლა სწავლა არ არის, მაგრამ მასწავლებლები სკოლაში დავდივართ. მაგალითად, მე სოფელ ნიგვზიანში ვცხოვრობ, მაგრამ ჩიბათში ჩამოვდივარ, რათა უფრო ახლოს ვიყო ჩემს მოსწავლეებთან და მათ საჭიროებებთან. “

ლადო აფხაზავას თქმით ონლაინ სწავლების დროს, გაკვეთილების აღქმის პრობლემაც იქმნება.

„მაგალითად არის საგნები, რომლებიც მოსწავლეებს უჭირთ. მაგალითად: მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა. ონლაინ სწავლების დროს მეტი დროა საჭირო, ვიდრე 20-წუთიანი ან 30-წუთიანი გაკვეთილები. მოსწავლეები უფრო სტრესულ სიტუაციაში არიან. მათთვის მნიშვნელოვანია, უშუალო ურთიერთობა ჰქონდეთ თანაკლასელებთან, მასწავლებლებთან. დიდხანს მოუწიათ სახლში გაჩერება.“ - ამბობს აფხაზავა.

ინფორმაციისთვის პირველი თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის გარდა, სკოლებში სწავლა აღდგება.

პირველ მარტამდე თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სასწავლო პროცესი სკოლებში, პროფესიულ სასწავლებლებსა და უნივერსიტეტებში დისტანციურად გაგრძელდება.